ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები“

ახალი ამბები

2017 წლის 3, 4 და 5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა CODFREURCOR-ისა (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ფრანკოფონული სადოქტორო კოლეჯი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი  (ICRDIT) მიერ ორგანიზებული მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 47-მა ქართველმა მეცნიერმა საქართველოს 7 უნივერსიტეტიდან (მათ შორის – 15-მა დოქტორანტმა) და 49 უცხოელმა მეცნიერმა (მათ შორის –  8 დოქტორანტმა) მსოფლიოს 15 ქვეყნიდან.

კონფერენცია ოფიციალურად 3 ოქტომბერს გაიხსნა.

კონფერენციის სამუშაო ენები იყო: ქართული, ფრანგული, ინგლისური, იტალიური, რუმინული.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და, მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე, სამი დღის განმავლობაში ორჯერადად მუშაობდა სამი-ოთხი პარალელური სექცია. სექციები მუშაობდა თემების მიხედვით, რომლებიც ეხებოდა იმ გამოწვევებს, რომლებიც 21-ე საუკუნის, ახალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საშუალებათა მრავალფეროვნების საუკუნის, დასაწყისში გამოიკვეთა და გარკვეულწილად განსაზღვრავენ იმ ამოცანებსა და პრობლემებს, რომელთა გადაჭრის საშუალებები შემოგვთავაზეს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებებმა.

3 ოქტომბერს, 18 სთ-ზე, გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მე-4 შეთანხმებას მორიგი 5-წლიანი პერიოდისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლ ვალერის უნივერსიტეტ  მონპელიე 3-ს შორის.

კონფერენციის ფარგლებში 4-5 ოქტომბერს გაიმართა საერთაშორისო ასოციაციის AFELSH (ფილოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებისა და დაწესებულებების ასოციაცია) ახლად არჩეული აღმასრულებელი კომიტეტის შეკრება.

CODFREURCOR-ის მორიგი, მე-6 კონფერენცია 2018 წლის ნოემბერში რუმინეთის ქალაქ იასიში გაიმართება. 3 ოქტომბერს ოფიციალურ მიღებაზე მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორმა როქსანა პატრაშმა მომავალი საერთაშორისო კონფერენციის თემატიკის პრეზენტაცია  გამართა.

კონფერენციის მასალები  2018 წლის აგვისტოში გამოქვეყნდება  ჟურნალის Études interdisciplinaires en Sciences humaines (ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში)  მე-5 ნომერში.

7 პლენარული მოხსენების სრული ვიდეო ჩანაწერი იხილეთ იუთუბის არხზე.

კონფერენციის მიმდინარეობის ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ბმულზე.

ბანერები