ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ბიოფიზიკის ინსტიტუტი

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ინსტიტუტი.

გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „კვადრუპლექს პრაიმერული ამპლიფიკაცია მოლეკულური დიაგნოსტიკისთვის“ წაიკითხავს ლევან ლომიძე.

ანოტაცია

კვადრუპლექს პრაიმერული ამპლიფიკაცია (Quadruplex priming amplification (QPA)) არის მეთოდი, რომელიც დნმ-ის სიგნალის იზოთერული ამპლიფიკაციისა და ამ პროცესის რეალურ დროში დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. QPA რეაქციის მთავარი მექანიზმია დნმ-ის თანმიმდევრობა, GGGTGGGTGGGTGGG (G3T), რომელიც წარმოქმნის ძლიერი თერმული სტაბილურობის სტრუქტურას, კვადრუპლექსს. რეაქციაში პრაიმერად გამოიყენება G3T, რომელსაც 3’-პრაიმ ბოლოში ჩამოცილებული აქვს გუანინი. გუანინის ნაკლებობა კრიტიკულია კვადრუპლექსის ფორმირებისთვის და თანმიმდევრობა ვეღარ წარმოქმნის კვადრუპლექსს. წაკვეთილი თანმიმდევრობა ებმის პრაიმერის ბმის ადგილს. როდესაც პოლიმერაზა პრაიმერს დაამატებს გუანინის, G3T თანმიმდევრობა თავისთავად ფორმირდება კვადრუპლექსად, რის შედეგადაც პრაიმერი იზოთერმულად სცილდება სამიზნე დნმ-ს და პრაიმერის ბმის ადგილი თავისუფალია შემდეგი პრაიმერისთვის. ასევე, პრაიმერში ჩაკერებულია ფლურესცირებადი ნუკლეოტიდი (მაგ. 3-methylisoxanthopterin), რომელიც ხასიათდება ფლურესცირების სიგნალის ძლიერი ზრდით კვადრუპლექსის ფორმირების შემდეგ, რაც სიგნალის თვლის მარტივ და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, დამატებითი მთვლელი მოლეკულების გარეშე. ჩვენ შევქმენით QPA რეაქცია. რომელიც დნმ-ის ეფექტურ, სწრაფი და იზოთერმული ამპლიფიკაციის საშუალებას გვაძლევს. აღნიშნული მეთოდი შესაძლებელია ფართოდ იქნას გამოყენებული ბიოსამედიცინო, მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის და სასამართლო მეცნიერების, გენეტიკური დაავადებებისა და პათოგენური მკროორგანიზმების აღმოსაჩენად, ასევე - სამეცნიერო კვლევების პრაქტიკაში.

  • მოხსენებას თემაზე „ლაზერით ინდუცირებული ფლუორესცენციის რეზონანსული ენერგიის გადატანა დნმ-ის ორმაგ სპირალში დეფექტების შესასწავლად“ წაიკითხავს ირინა ხუციშვილი.

ანოტაცია

ნანომასშტაბური (1-10ნმ) ენერგიის გადატანის ფლუორესცენტული რეზონანსური (FRET) მეთოდი  საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ დნმ-ის ორმაგი სპირალის უბნების კონცენტრაცია, რომლებიც ვარგისია სხვადასხვა სტრესის გავლენის შემდეგ ინტერკალაციისთვის. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ დნმ-ის შედარებითი ანალიზი სხვადასხვა დაზიანებულ დნმ-ში. FRET-მეთოდით შესწავლილია დნმ–ის კომპლექსები  აღდგენილ ვერცხლის და სპილენძის იონებთან, ვერცხლის ნაწილაკებთან; ასევე, გამოკვლეულია დნმ-ის ორმაგ სპირალზე ტემპერატურის ზემოქმედება.

დრო: 13 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები