


უკრაინელი სტუდენტების მონაწილეობით შემოდგომის სკოლა „რუსეთის ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონული დინამიკა“ გაიხსნა
ახალი ამბები
17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის პარტნიორობით უკრაინელი და ქართველი სტუდენტებისთვის გაიხსნა შემოდგომის სკოლა „რუსეთის ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონული დინამიკა: აქტორები, პროცესები და პერსპექტივები“.
სკოლას კონკურსით შერჩეული 25 მონაწილე ჰყავს – უკრაინის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
21 ოქტომბრის ჩათვლით, 5 დღის განმავლობაში, მონაწილეები დაესწრებიან ქართველი და უცხოელი პროფესორების ლექციებსა და სემინარებს რუსეთ-უკრაინის ომის საფუძვლებზე ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, იმსჯელებენ ომთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებაზე/გავლენაზე შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით, ასევე რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შემოდგომის სკოლა გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე მონაწილეებს ესაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, შემდეგ კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა შტეფან მალერიუსმა წაიკითხა საპროგრამო მოხსენება „რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები ევროპის უსაფრთხოებისთვის: გერმანული პერსპექტივა“.
ლექცია-სემინარების გარდა სკოლა მოიცავს პრაქტიკულ და კულტურულ ნაწილებსაც, ითვალისწინებს გასვლით სესიებს თბილისის, საქართველოს, მისი ისტორიისა და კულტურის უკეთ გასაცნობად. მონაწილეები სკოლაში იმუშავებენ მოკლე დოკუმენტებზეც, რომლებიც მოგვიანებით სკოლის ბლოგზე გამოქვეყნდება.
დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
სკოლის დეტალური პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3EV0CSR
2022 წელი
გალერეა