


შემოდგომის სკოლა „რუსეთის ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონული დინამიკა: აქტორები, პროცესები და პერსპექტივები“
ახალი ამბები
17-21 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის პარტნიორობით თბილისში გაიმართა ინგლისურენოვანი შემოდგომის სკოლა „რუსეთის ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონული დინამიკა: აქტორები, პროცესები და პერსპექტივები“.
სკოლაში მონაწილეობა მიიღო 10 სხვადასხვა უნივერსიტეტის 25-მა ქართველმა და უკრაინელმა სტუდენტმა. უცხოელმა და ქართველმა მომხსენებლებმა სტუდენტებთან ერთად მულტიდისციპლინური პერსპექტივებიდან (პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია და ა.შ) განიხილეს მიმდინარე ომი უკრაინაში. ლექციები მიეძღვნა ომის ისტორიულ საფუძვლებს, მიზეზებს, მიმდინარე პროცესებსა და პერსპექტივებს შავი ზღვის რეგიონულ ჭრილში.
პროგრამით გათვალისწინებული იყო პრაქტიკული აქტივობებიც, მათ შორის ჯგუფებში მუშაობა პოლიტიკის დოკუმენტებზე. პროექტის დასასრულს სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი პროექტები; მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები მოგვიანებით საჯაროდ გამოქვეყნდება სკოლის ბლოგზე.
სკოლის ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, სადაც დამატებითი ინფორმაცია მიიღეს უკრაინაში მიმდინარე ომზე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევების ჭრილში.
სკოლის დასასრულს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
2022 წელი
გალერეა