


სენსორული მოწყობილობა, რომელიც მუნიციპალიტეტებს რესურსების ოპტიმალურ განაწილებაში დაეხმარება - ილიაუნის მეიქათონის სტარტაპიდეა
ახალი ამბები
14-20 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ (FabLab Iliauni), გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ჩაატარეს მეიქათონი „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“.
პროექტში მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრნენ, შემდეგ კი, ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების მენტორობით, იდეის პირველადი პროტოტიპები შექმნეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებული გახდა პროექტი - ხელთათმანი, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარება.
ჯამში, მეიქათონის ფარგლებში, 19 საინტერესო პროექტი შეიქმნა.
ერთ-ერთი მათგანია „PAPU“ - მცირე ზომის სენსორული მოწყობილობა, რომელიც მუნიციპალიტეტებს დანახარჯების შემცირებასა და რესურსების ოპტიმალურად განაწილებაში დაეხმარება.
პროექტის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ელენე ბერიძე, მედეა ტლაშიძე და ირაკლი ლონდარიძე.
პროექტის შესახებ
ქალაქში საცობების შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ნაგავმზიდი მანქანებია, რომლებიც დღის გარკვეულ მონაკვეთში ამა თუ იმ უბანს აკითხავენ, რათა გადაამოწმონ, სავსეა თუ არა ურნა. ურნა ხშირად ცარიელია და მისი დაცლა საჭირო არ არის, მაგრამ ვიწრო ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანა იწვევს საცობს; თან, საწვავიც ზედმეტად იხარჯება.
მცირე ზომის სენსორული მოწყობილობა - „PAPU“ ნაგვის ურნაზე მაგრდება და GSM-მოდულის საშუალებით გადასცემს ინფორმაციას, სავსეა თუ არა ურნა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ნაგავმზიდი მანქანა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიაკითხავს კონკრეტულ უბანს, დაზოგავს დროს, ფინანსებს და იქნება უფრო ოპერატიული და ეფექტიანი.