


მაქს ვებერის ფონდის დელეგაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია
ახალი ამბები
31 მარტს მაქს ვებერის ფონდის (ბონი, გერმანია) დელეგაცია ეწვია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. დელეგაცია შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ნინო დობორჯგინიძესა და პროფესორებს – ოლივერ რაისნერსა და ტილმან კულკეს. დელეგაციის წევრებმა, დოქტორებმა სანდრა დალკემ, ანდრეას ჰილგერმა, ესთერ მეიერმა და მარია ჩასოვსკაიამ, უნივერსიტეტის რექტორს გააცნეს თავიანთი გეგმები, რომლებიც უკავშირდება 2023 წლის სექტემბერში თბილისში მაქს ვებერის ფონდის (ბონი) სამეკავშირეო ოფისის გახნას. ფონდის წარმომადგენელი იქნება ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ანდრეას ჰილგერი.
ახალი სამეკავშირეო ოფისი, ჰაბი, იმ გერმანელ და ქართველ ისტორიკოსთა თანამშრომლობას შეუწყობს ხელს, რომლებიც იკვლევენ ახალ და თანამედროვე ისტორიას მე-18 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნემდე. დაიგეგმა თანამშრომლობის სამი ძირითადი სფერო: 1) შავი ზღვის რეგიონის ისტორია გლობალურ კონტექსტში, 2) რუსეთის იმპერიალისტური ისტორია, 3) გერმანულ-ქართული ურთიერთობები. გაჩნდება როგორც მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდიების მოპოვების, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში მონაწილეობის შესაძლებლობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო იქნება საარქივო კვლევების ხელშეწყობა, განსაკუთრებით გერმანულ საარქივო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.
შეხვედრაზე რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და პროფესორებმა – ოლივერ რაისნერმა და ტილმან კულკემ წარმოადგინეს ახალ ისტორიაში მიმდინარე და დაგეგმილი კვლევები და ისაუბრეს გლობალურ ისტორიულ კვლევით დისკურსში კავკასიის ჩართვის სტრატეგიულ გეგმებზე, განიხილეს უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი მიღწევები ციფრული ჰუმანიტარიის, როგორც კვლევის საფუძვლის, სფეროში.
მაქს ვებერის ფონდი საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში მიმდინარე გერმანული კვლევების მხარდამჭერი ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოა. მსოფლიო მასშტაბით იგი აფინანსებს 11 მეცნიერულად დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რითაც ის მასპინძელ ქვეყნებსა და გერმანიას შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო სამეცნიერო სცენაზე. ამ ქსელის მულტიპოლარული ხასიათი ხელს უწყობს ინსტიტუტების თანამშრომლობის შედეგად მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის წახალისებას.
2023 წელი
გალერეა