ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„კვარკი“ - მოწყობილობა, რომელიც სასურველ ნივთს/ადგილს გაპოვნინებთ. ილიაუნის მეიქათონის სტარტაპიდეა

ახალი ამბები

14-20 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ (FabLab Iliauni), გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ჩაატარეს მეიქათონი „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“.

პროექტში მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრნენ, შემდეგ კი, ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების მენტორობით, იდეის პირველადი პროტოტიპები შექმნეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებული გახდა პროექტი - ხელთათმანი, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარება.

ჯამში, მეიქათონის ფარგლებში, 19 საინტერესო პროექტი შეიქმნა.

ერთ-ერთი მათგანია „კვარკი“ - ბურთი, რომელიც დაგვეხმარება ნავიგაციაში.

პროექტის ავტორები არიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ლანა რეხვიაშვილი და ეკატერინე დადიანი, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ანა ლომაშვილი.

პროექტის შესახებ

უცხო გარემოში ხშირად ვაწყდებით ნავიგაციის პრობლემებს. მაგალითად, საკმაოდ რთულია, მიაგნო სასურველ აუდიტორიას უნივერსიტეტში, თუ ახალი სტუდენტი ხარ, ან წიგნს ბიბლიოთეკაში. ნავიგაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში ადამიანებს „კვარკი“ დაეხმარება.

„კვარკს“ აქვს მცირე ზომის სამართავი პულტი, რომელიც შესაძლებელია დამაგრდეს კედელზე. სწორედ ამ პულტის მეშვეობით შეგყავთ თქვენთვის სასურველი ნივთისა თუ ადგილის პარამეტრი. პულტი იღებს ბრძანებას და გადასცემს „კვარკს“, რომელიც ამ დროს დგას თავის პლატფორმაზე და იტენება. ბრძანების მიღებამდე „კვარკი“ ლურჯია, ბრძანების მიღების შემდეგ ფერს იცვლის და მწვანდება, ბრძანების შესრულების შემდეგ კი, როცა სასურველ ადგილს/ნივთს მიაგნებს, წითლდება. კვარკი წითელია მანამ, სანამ მომხმარებელი არ მივა დანიშნულების ადგილას, შემდეგ კი უფერულდება. ფერის ცვლილება ამარტივებს მომხმარებელსა და „კვარკს“ შორის კომუნიკაციას.

იხილეთ პროექტის ვიდეოდემონსტრაცია

ბანერები