ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნიმ ფუტსალის ლიგა 2-ის სადებიუტო სეზონი მეორე ადგილით დაასრულა

ახალი ამბები

ჩემპიონატში, რომელმაც სტარტი 11 ნოემბერს ექვსი გუნდი მონაწილეობდა. დაძაბული და სანახაობრივი რეგულარული სეზონის შემდეგ ილიაუნიმ ფინალის საგზური პსპ-სთან  დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. დასკვნით შეხვედრაში კი თსუ 2-ს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. გუნდს ტრავმით გამოწვეული დიდი ხნის პაუზის შემდეგ მნიშვნელოვანი ფიგურა, პაატა ლეჟავა, დაუბრუნდა, მაგრამ გიორგი ახლანძეს ფინალის გამოტოვება ყვითელი ბარათების გამო მოუწია. მიუხედავად მოთამაშეების არასახარბიელო ფიზიკური მდგომარეობისა, ილიაუნიმ შეძლო თამაშის პენალტების სერიამდე მიეყვანა. მიღებული გოლის გაქვითვა ირაკლი ლატარიამ მოახერხა. გურამ ჯიჯელავამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი მოიგერია. ძირითადი და დამატებითი დროც ფრედ 1:1 დასრულდა. „საფეხბურთო ლატარეაში“ კი თსუ 2-მა 3:2 იმარჯვა და ილიაუნის გუნდმა ტურნირში ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულა.

ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიაზე, მედლების გადაცემასთან ერთად ჩემპიონატის სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ილიაუნის რიგებიდან ორი მოთამაშე დაჯილდოვდა: პაატა ლეჟავა ტურნირის საუკეთესო მცველი გახდა, ომარ ასაშვილი კი ფუტსალის ლიგა 2-ის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დასახელდა.

რეგულარული სეზონიდან მოყოლებული ილიაუნის ნაკრებს ფანკლუბის წევრები ყველა თამაშზე ამხნევებდნენ. დასკვნით შეხვედრაში ტრიბუნაზე შექმნილ ატმოსფეროზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმაც ბევრი ისაუბრეს.

სასიხარულოა ინფორმაცია, რომ ილიაუნი მომავალი წლიდან საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს და ძალებს უმაღლესი დონის გუნდებთან გამოცდის.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გუნდის მთავარ მწვრთნელს, კაპიტანსა და გულშემატკივარს გაესაუბრა:

ალიკ სარქისიანი, მთავარი მწვრთნელი: „სეზონი შემიძლია დადებითად შევაფასო. ბიჭები ჩემს დარიგებებს ყოველთვის ითვალისწინებდნენ. რა თქმა უნდა, ჩემპიონობა საუკეთესო შედეგი იქნებოდა, მაგრამ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, უბრალოდ, პენალტებში არ გაგვიმართლა. რაც შეეხება მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობას, აუცილებლად მოგვიწევს გუნდის გაძლიერება და რამდენიმე მოთამაშის დამატება. ჩვენი მიზნები ჩემპიონატის მონაწილეების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, საწყის ეტაპზე, ალბათ, არგავარდნა, რადგან იქ უკვე ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები გვეყოლება.“

გურამ ჯიჯელავა, კაპიტანი: „საკმაოდ საინტერესო და დატვირთული სეზონი იყო. მიუხედავად სირთულეებისა, ვფიქრობ წარმატებით ვიასპარეზეთ. ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ფინალში მეორე მეკარე არ გვყავდა, ამიტომ ორმაგი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ყველანაირად ვეცადე, გუნდისა და გულშემატკივრებისთვის იმედები არ გამეცრუებინა. უმაღლეს ლიგაში გადასვლა უკვე დიდი მიღწევაა და ჩვენთვის ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. ილიაუნიმ ამ შემადგენლობით წელს პირველად იასპარეზა. ერთმანეთთან ადაპტაციისა და შეთამაშების ეტაპი საკმაოდ სწრაფად გავიარეთ. სეზონის ბოლოს გამოჩნდა, რამხელა პროგრესს მივაღწიეთ, რაც ძალიან სასიხარულოა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალ ჩემპიონატს უკეთესად მომზადებულები შევხვდეთ.“

ემზარ აბულლაევი, ფანკლუბის წევრი: „ილიაუნის ფანკლუბი სულ რაღაც 4 თვის შექმნილია. ჩვენი ბიჭების წარმატების სულ გვჯეროდა. ზოგ თამაშში ერთად დავმარცხდით, ზოგში გავიმარჯვეთ. მათი ქომაგობა დიდი პატივია. შედეგით ჩვენც ვამაყობთ. ილიაუნი ერთი დიდი ოჯახია და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს სხვებსაც დავანახოთ. ვფიქრობ, ილიაუნის ნაკრების მთავარი უპირატესობა მათ გუნდურობასა და ბრძოლისუნარიანობაში გამოიხატება, რაც არაერთხელ დაამტკიცეს. წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გველის, როგორც ფუტსალში, ასევე ფრენბურთსა და კალათბურთშიც. რა თქმა უნდა, მათაც ბოლომდე ვუგულშემატკივრებთ“.

ილიაუნის სანაკრებო სეზონი ამით არ სრულდება. ფუტსალის ნაკრები საქართველოს სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობას განაგრძობს. სულ მალე ფრენბურთელებიც დაიწყებენ უნივერსიადის ახალ სეზონს, მათ კალათბურთელებიც მიჰყვებიან.

ბანერები