ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა აღიარება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ქეთევან ჭანრტურიასა და მერაბ სვანაძეს 2023 წლის ეროვნული პრემია მიენიჭათ.

ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორებს წარმატება მიულოცა და გამარჯვებულებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

  • ქეთევან ჭანტურია ლონდონის ქინგს კოლეჯისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ის კლინიკური ფსიქოლოგიის დარგში აღიარებული ექსპერტია და თავის კვლევით სფეროში მსოფლიოში  მე-5 ადგილს იკავებს (იხ.: https://expertscape.com/ex/anorexia+nervosa). 2021 წელს ქეთევან ჭანტურია ბრიტანეთის ფსიქოლოგთა საზოგადოებამ ბრიტანულ ფსიქოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. 2023 წელს კი ის კვების აშლილობების კვლევის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს (30 ყოფილი პრეზიდენტიდან ის პირველი ქართველია და ბრიტანეთიდან მხოლოდ მესამე ამ პრესტიჟულ პოზიციაზე).
  • პროფესორი მერაბ სვანაძე 2020-დან მექანიკური ინჟინერიისა და ტრანსპორტის მიმართულებით სტენფორდის უნივერსიტეტის მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის რანჟირებულ სიაშია, რომელშიც საქართველოდან სულ რვა მეცნიერია წარმოდგენილი, მათგან სამი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. პროფესორი მერაბ სვანაძე არის რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი. მათ შორისაა, ამერიკის მექანიკოს ინჟინერთა საზოგადოება, ამერიკის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოება, ამერიკის მათემატიკური საზოგადოება, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის საერთაშორისო საზოგადოება, ევროპის მექანიკოსთა საზოგადოება, ევროპის ბიომექანიკის საზოგადოება, ინდუსტრიული და გამოყენებითი მათემატიკის საზოგადოება, ფოროვან გარემოთა საერთაშორისო საზოგადოება. იგი არის ჟურნალ Journal of Thermal Stresses (Taylor&Francis, Impact factor 2.8) ასოცირებული რედაქტორი, ჟურნალ Acta Mechanica (Springer, Impact factor 2.7) სარედაქციო საბჭოს წევრი და 31 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის რეცენზენტი.

ქეთევან ჭანტურიას ეროვნული პრემია მიენიჭა ნაშრომთა ციკლისათვის „კოგნიტური რემედიაციის თერაპია კვებისა და წონის დარღვევების დროს“, „ჯგუფური ფსიქოთერაპია კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის“, და „აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მხარდაჭერა კვებითი აშლილობის დროს“. პრემიაზე წარმოდგენილი ტრილოგია ინტერდისციპლინურია, რადგან ერთდროულად შეაქვს წვლილი სამედიცინო და სოციალურ მეცნიერებებში. სამივე მონოგრაფიას აერთიანებს სიახლეები, როგორიცაა ახალი კვლევის დანერგვა კლინიკურ საქმიანობაში და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების, მათი ოჯახების და მათთან მომუშავე კლინიცისტების დახმარება ახალი მეთოდებით

მერაბ სვანაძეს პრემია გადაეცა ნაშრომთა ციკლისთვის „ფოროვან მასალათა თეორიების არაკლასიკური ამოცანების გამოკვლევა“. ნაშრომთა ციკლის სტატიებში აგებულია როგორც მარტივი, ასევე ორგვარი და სამგვარი ფოროვნობის მქონე მასალათა ახალი მათემატიკური მოდელები და გამოკვლეულია ამ მოდელების არაკლასიკური ამოცანების ფართო კლასი. ეს მოდელები გვთავაზობენ ახალ შესაძლებლობებს ინჟინერიის, ტექნოლოგიის, მედიცინისა და ბიოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლისთვის, რომლებიც მოიცავენ მრავალფორიან მასალებს, მათ შორის გეოლოგიურ მასალებს (მაგ., ნავთობის, გაზისა და გეოთერმული რეზერვუარები), დამზადებულ ფოროვან მასალებს (მაგ., კერამიკა და დაპრესილი ფხვნილები) და ბიომასალებს (მაგ., ძვალი და ადამიანის ტვინი)“. 

მისალოც სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:

„ ჩვენი თაობისგან ახალგაზრდებს სწორი და ღირსეული მაგალითი სჭირდებათ. მაგალითი იმისა, რომ ცხოვრებაში არაფერი ცოდნისა და შრომის გარეშე არ ხდება. ის ადამიანები, ვინც შეირჩა თავიანთ დარგში, მაღალი ღირსების მაგალითს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის.

გვინდა, რომ ევროპაში, რომლის ნაწილიც ვართ ახლა, საითკენაც მივისწრაფვით, ჩვენი ცოდნისა და განათლების დონე დღევანდელი მსოფლიოს სტანდარტის შესატყვისი იყოს.“

2024

 

ბანერები