ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კვლევითი და საგანმანათლებლო მიზნების მქონე ინსტიტუტი, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი კომპონენტის ინტეგრირებას საუნივერსიტეტო სივრცეში. აქედან გამომდინარე, ინსტიტუტის პროექტებში აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩართულნი არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები და კურსდამთავრებული მაგისტრები.

ამჟამად ფილოსოფიის ინსტიტუტში წარმოდგენილია შემდეგი კვლევითი მიმართულებები:

  • კვლევები ანალიზური ფილოსოფიის მიმართულებით;
  • კვლევები ფილოსოფიისა და თეოლოგიის მომიჯნავე საკითხებზე ენის ფილოსოფიისა და ლოგიკის ისტორიის, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის მიმართულებით;
  • კვლევები ეთიკისა და მორალის საკითხებზე, რომლებიც ფარავს შემდეგ ფილოსოფიურ დისციპლინებს: ეთიკა და ბიოეთიკა, მორალის ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, ფემინისტური ფილოსოფია;
  • ქართული ფილოსოფიური სკოლის საარქივო მასალების კვლევა (ფილოსოფიის ინსტიტუტში მოღვაწე ფილოსოფოსების საარქივო შრომების დამუშავება და პუბლიცირება).

ინსტიტუტში ინტენსიურად ხორციელდება ფილოსოფიური ლიტერატურის მთარგმნელობითი სამუშაოები, რაც ემსახურება კლასიკური და თანამედროვე ფილოსოფიური ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნას. ამ მიზნით 2013 წელს დაარსდა სერია „ფილოსოფიური ბიბლიოთეკა“, რომელშიც უკვე ითარგმნა და გამოიცა სერიის 11 წიგნი.

2020 წლიდან სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა კვლევითი პროექტით „არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“ (პროექტის ხელმძღვანელი თამარ ცოფურაშვილი) გაიმარჯვა ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში „რელიგიისა და მეცნიერების ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ (NEW HORIZONS FOR SCIENCE AND RELIGION IN CENTRAL AND EASTERN EUROPE”) და დაფინანსდა ჯონ ტემპლტონის ფონდის მიერ. კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს არისტოტელეს ლოგიკური ტრაქტატის „პერი ჰერმენეიას“ მე-18 საუკუნით დათარიღებული ქართულენოვანი კომენტირებული თარგმანის კრიტიკული გამოცემის მომზადებასა და ფილოსოფიურ შესწავლას. კვლევითი პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები. პროექტის კონსულტანტია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი პროფ. დოქტ. მაია რაფავა.

კვლევით კომპონენტთან ერთად ინსტიტუტის მუშაობა მოიცავს საჯარო ლექციების, სამეცნიერო კონფერენციების, სამეცნიერო კოლოკვიუმების ორგანიზებას ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით.

ინსტიტუტის პატრონაჟით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ფილოსოფიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ისტორია იწყება 1944 წლის ივნისიდან, როცა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შემადგენლობაში დაარსდა ფილოსოფიის განყოფილება. ორ წელიწადში კი, 1946 წელს, შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი. საქართველოს მთავრობის 2010 წლიდან დადგენილების საფუძველზე სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.

საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოთახი F413 ; ჩოლოყაშვილის 3/5, თბილისი 0162

phil.institute@iliauni.edu.ge

ბანერები