


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბაზისბანკმააბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა შეიმუშავა
24 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და გაიმართება ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია.
პროგრამა გულისხმობს სასტიპენდიო ვაუჩერის დაწესებას იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე გააგრძელებენ კომპიუტერულ და ელექტრულ ინჟინერიაში. აღნიშნული საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 2015 წლისთვის 20 000 ლარია, რაც გულისხმობს ერთჯერადად ათი 2000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერის (გადასახადების ჩათვლით) გაცემას.
სასტიპენდიო ვაუჩერის ერთჯერადად მიღების შესაძლებლობა ექნებათ:
- აბიტურიენტებს, რომლებიც 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრონული ინჟინერია; კომპიუტერული ინჟინერია) და, გამოცდებზე მიღებული ქულების რეიტინგით, იქნებიან ამ პროგრამებზე ჩარიცხულ პირველკურსელთა შვიდეულში (სულ გაიცემა შვიდი 2000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი).
- სტუდენტებს, რომლებიც 2015 წლის მობილობის შედეგად გადმოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრონული ინჟინერია; კომპიუტერული ინჟინერია). შერჩევის კრიტერიუმებს გაგაცნობთ პრეზენტაციაზე. (სულ გაიცემა სამი 2000-ლარიაინი სასტიპენდიო ვაუჩერი) .
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაციას, რომელსაც გაუძღვება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის დეკანი, კენ უოლში; ასევე, დაათვალიერონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (გეიმლაბი).
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
დრო: 24 ივლისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
დღის განრიგი
24 ივლისი, 16:00-18:00
16:00-16:15 - მისასალმებელი სიტყვები
• გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
• კენ უოლში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის დეკანი
• დავით ცაავა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი
16:15-16:20 - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია
16:20-16:40 - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია: კენ უოლში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის დეკანი
16:40-17:00 ფურშეტი
17:00-17:30 - ტური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბსა და გეიმლაბში
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ACS, WASC ) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. სტუდენტებს აგრეთვე ექნებათ შესაძლებლობა ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.
გალერეა