


გივი მარგველაშვილს ილიაუნის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
ახალი ამბები
14 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მწერალსა და ფილოსოფოსს, გივი მარგველაშვილს. ხოლო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამარ ცოფურაშვილმა მას საჩუქრად ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული წიგნები გადასცა.
გივი მარგველაშვილის შესახებ
გივი მარგველაშვილი, ფილოსოფოსი და მწერალი, დაიბადა ბერლინში, 1927 წელს, ქართველი ემიგრანტის, ტიტე მარგველაშვილის, ოჯახში. ტიტე მარგველაშვილი 1946 წელს შვილთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში ნათესავებთან ეცხოვრა.
გივი მარგველაშვილმა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა დამუშაობდა იქვე, გერმანული ენის მასწავლებლად, ასევე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა მისი არც ერთი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.
მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად, 40-ზე მეტიწლის შემდეგ, მას პირველად მისცეს უფლება, კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანივაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი ქართულად თარგმნა კარლო ჯორჯანელმა), აგრეთვე რომანები - „მუცალი“(ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ) და „დიდი კორექტურა“; პროზაული კრებულები - „გადაუგდე ბელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“.
მწერალი ერთბაშად აღიარეს თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად - მასზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში და მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით - ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.
გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.
1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.2006 წელს კი მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.
ამჟამად მწერალი ცხოვრობს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გივი მარგველაშვილის წვლილი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში: მისი ნაშრომები ფენომენოლოგიაში, რომლებიც მოიცავდა ჰუსერლის, ჰარტმანის, შელერისდა ჰაიდეგერის ნააზრევს, არსობრივად ახალი ბიძგის მიმცემი იყო ამ კვლევითი მიმართულებების განვითარებისთვის ქართულ აკადემიურ სივრცეში.
ქართულსა და რუსულ ენებზე გამოცემული მისი ფილოსოფიური შრომებიდან აღსანიშნავია: „სუბიექტური დრო და ეგზისტენცის დრო“ (თბილისი, 1973), „ეგზისტენციალური და კატეგორიალური მარტინჰაიდეგერის ონტოლოგიაში“ (თბილისი, 1975), „ფინალურობის პრობლემა ნიკოლაი ჰარტმანისა და მარტინ ჰაიდეგერის ონტოლოგიაში“ (თბილისი, 1982), „კულტურის სამყაროს პრობლემა მარტინ ჰაიდეგერის ეგზისტენციალურ ონტოლოგიაში“ (თბილისი, 1998), „ფენომენოლოგიური შრომები“ 5 ტომად (თბილისი,1999-2000).
გალერეა