ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ABET კონფერენცია

ღონისძიებები

27 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ABET კონფერენცია საერთაშორისო ABET ექსპერტებისა და ტექნოლოგიის სკოლის აკადემიური პერსონალის მონაწილეობით. 

კონფერენცია გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ათასწლეულის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელმა  დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს დეკანმა, პროფესორმა ჰალილ გუვენმა.

კონფერენციის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დაათვალიერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის კორპუსი, რომელიც 2019 წელს აშენდა ილიაუნისა და ათასწლეულის ფონდის თანამშრომლობით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპტაქტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. 

ოთხსართულიან, 5000 კვ.მ. ფართობის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო კორპუსში, რომელშიც განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო აუდიტორიები, სამუშაო ოთახები, ელექტრული ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის ლაბორატორიები, სამკითხველო დარბაზები, ამჟამად სწავლობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავებული პროგრამების სტუდენტები.

კამპუსის ვირტუალური ტური:https://bit.ly/3VbXUyn

ამჟამად ABET აკრედიტაციას გადის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა, ასევე დაგეგმილია ტექნოლოგიის სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და ელექტრო და ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების ABET აკრედიტაციის პროცესების ეტაპობრივი დაწყება. 

კონფერენციის მთავარი თემაც სწორედ ABET აკრედიტაციის პროცესის ჭრილში თითოეული პროგრამის განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე მსჯელობა იყო. 

კონფერენციის დასასრულს გაიმართა საპატიო დოქტორის მინიჭების ცერემონია. 

საპატიო დოქტორის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მიენიჭათ: 

  • ფრენსის ედვარდ ნოელს

ფრენსის ედვარდ ნოელი ფლობს სირაკუსის, ორეგონისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების აკადემიურ ხარისხებს სხვადასხვა მიმართულებით. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანიაში IBM, იყო კომპანიის გამორჩეული ინჟინერი. 2001 წელს გახდა ABET აკრედიტაციის კომიტეტის წევრი, იყო ამავე კომიტეტის თავმჯდომარეც. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში კომიტეტმა შეიმუშავა სააკრედიტაციო კრიტერიუმები კიბერუსაფრთხოების საინჟინრო პროგრამებისთვის. სხვადასხვა წელს ხელმძღვანელობდა არაერთ საინჟინრო პროგრამას, რომლებმაც დააკმაყოფილეს შესაბამისი სტანდარტები და მოიპოვეს საერთაშორისო ABET-აკრედიტაცია; ფლობს 34 პატენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

  • ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორს

დოქტორი ჯო ტერნერი კლემსონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დარგის დამსახურებული პროფესორი და დუბაის/აბუ დაბის ზაიდ უნივერსიტეტის ფაკულტეტის ყოფილი დეკანია. ათ წელზე მეტია არის ABET პროგრამის ელევატორი ტრენინგის წამყვანი მასწავლებელი. წარსულში იყო Seoul Accord-ის თავმჯდომარე, ABET CAC აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ABET ფონდის საკონსულტაციო მომსახურების კოორდინატორი, ACM ვიცე-პრეზიდენტი, IFIP ვიცე-პრეზიდენტი, CSAB და ACM განათლების საბჭოს პრეზიდენტი. უდიდესი გამოცდილება აქვს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამების შეფასების მიმართულებით. მფლობელია შემდეგი ჯილდოებისა: ABET Grinter Award, ACM Outstanding Contribution Award და ACM SIGCSE Distinguished Service Award.

  • ვილიამ ჰენრი ჰაითერს

ვილიამ ჰ. ჰაითერი მასაჩუსეტსის (ამჰერსტის) უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ფაკულტეტის თანამშრომელია. იყო მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ტრანსპორტირების ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი.

ღონისძიების ფარგლებში ABET-ექსპერტმა ჯოზეფ ტერნერმა ქართული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის ABET-ვორკშოპი გამართა.

2023 წელი

 

ბანერები