


2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული ნანა მგალობლიშვილი გახდა
ახალი ამბები
5 ოქტომბერს განათლების კოალიციის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალი გაიმართა.
2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე.
დაჯილდოების ცერემონიის გახსნაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად ფინალისტებს წარმატება მიულოცა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული დაასახელა, კონკურსისა და მასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა მგალობლიშვილი გახდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მას გადასცემს ჯილდოს 2500 ლარის ოდენობით, ხოლო სკოლას, რომელშიც ქალბატონი ნანა მოღვაწეობს – საკუთარ გამოცემებს.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წელსაც, გასული წლების მსგავსად, ფინალისტებიდან საუკეთესო ხუთეულში დასახელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის კურსდამთავრებული ირა ძირკვაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემები წალკის სკოლის ბიბლიოთეკასაც გადაეცემა, ვითანამშრომლებთ საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებითაც.
2022 წლის გამარჯვებული კონკურსის ჟიურიმ ხუთი საუკეთესო ფინალისტიდან გამოარჩია, ესენი არიან:
- მიხეილ ლაბარტყავა, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის ,,შავნაბადა“ ქიმიის მასწავლებელი;
- ნანა მგალობლიშვილი, ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- სოფიო ძიგრაშვილი, ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;
- ირა ძირკვაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაწესდა 2017 წლის 13 მაისს განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. ეს ინიციატივა, რომელიც საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება, მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორი – ლიბერთი ბანკი.
მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.
2022 წელი
გალერეა