კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლაკილას უნივერსიტეტისათვის
გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლაკილას უნივერსიტეტში, იტალიაში ექვს თვიანი (ნაკლები შესაძლებლობების მქონე პირებისათვის - 7 თვე) მობილობის განხორციელების მიზნით.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს მაგისტრატურის საფეხურზე კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, ფიზიკის ან ქიმიის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
- მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ და იტალიურ ენებს მინიმუმ B1 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები.
განაცხადის წარდგენა:
- კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
- ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
- ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა მომზადდეს PDF ფორმატში; კანდიდატმა ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოს ინგლისურ ენაზე;
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:
- CV (მაქსიმუმ 15 ქულა);
- სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 15 ქულა);
- მიმდინარე საფეხურის ნიშნების ფურცელი (მაქსიმუმ 30 ქულა);
- წინა საფეხურის დიპლომი და დიპლომის დანართი;
- ინგლისური ენის მინ. B1 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა (მაქსიმუმ 15 ქულა);
- იტალიური ენის მინ. B1 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა (მაქსიმუმ 15 ქულა);
- დამატებითი ცნობები (მაქსიმუმ 10 ქულა).
- ასეთის არსებობს შემთხვევაში, ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა.
მინიმალური ზღვარი - 60/100.
ნაკლები შესაძლებლობების მქონე პირთათვის განსაზღვრულია დამატებითი 20 ქულა. აღნიშნული სტატუსი დადასტურებული უნდა იყოს ოფიციალური დოკუმენტაციით.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 5 მაისი, 18:00.
ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ: ბმულზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელი უნივერსიტეტი განახორციელებს დამატებით შერჩევას პარტნიორი ქართული უნივერსიტეტებიდან ნომინირებული კანდიდატების განაცხადების საფუძველზე.
საუნივერსიტეტო და საკონკურსო პროცედურების ადმინისტრირების წესები და ხშირად დასმული კითხვები:
- ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
- გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე.
- ხშირად დასმული კითხვები:FAQ
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)