ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკის წარმომადგენლები ედინბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციაზე
ახალი ამბები
15-16 ივნისს ედინბურგის უნივერსიტეტმა უმასპინძლა კლინიკური იურიდიული განათლების ევროპული ქსელისა (ENCLE) და კლინიკური იურიდიული განათლების საერთაშორისო ჟურნალის (IJCLE) მე-12 საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციას “Invading the Curriculum: Clinical and Experiential Legal Education in an Era of Sustainability and Impact”, რომელშიც მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა.
კლინიკის წარმომადგენლებმა – თამარ გურჩიანმა, ნატო მირზაშვილმა, მანუჩარ ცეცხლაძემ და ხატია ცეცხლაძემ – წაიკითხეს მოხსენებები აქტუალურ თემებზე: მედეგი კლინიკა და სამართლებრივი სირთულეების პედაგოგიურ ინსტრუმენტებად გარდაქმნა, კლინიკური იურიდიული განათლების გავლენისა და მდგრადობის შეფასება კურსდამთავრებულთა პერსპექტივიდან და მედეგი პედაგოგიკა რთულ კონტექსტებში. ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკის გამოცდილებამ, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდში აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობის მდგრადობის შენარჩუნების კუთხით, უცხოელი კოლეგების დიდი ინტერესი და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ადამიანის უფლებათა კლინიკის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებში კლინიკური განათლების გამოწვევებისა და ინოვაციურ პედაგოგიურ მიდგომათა შესახებ. ყურადღება გაამახვილეს GREVIO-ის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ შეფასების ანგარიშსა და სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ რეკომენდაციებზე. კლინიკის ალტერნატიული ანგარიშის საფუძველზე გენდერული თანასწორობის კუთხით დეტალურად განიხილეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სისტემური ხარვეზები, ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმების სისუსტეები, ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებები და კონკრეტული შემთხვევები კლინიკის პრაქტიკიდან.
კლინიკური იურიდიული განათლების ევროპული ქსელის ყოველწლიური კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა კლინიკური სწავლების ინოვაციური მეთოდების გასაზიარებლად და სამომავლო საერთაშორისო პარტნიორობის დასამყარებლად.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკა მადლობას უხდის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისსა და მოქალაქე თეა კუჭუხიძეს კლინიკური იურიდიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერისათვის.
2026
გალერეა