სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის, პროფესორ გიორგი პაპუაშვილის ვიზიტი უკრაინაში

ახალი ამბები

25-26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გიორგი პაპუაშვილი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში.

25 ივნისს გიორგი პაპუაშვილმა და კიევ-მოჰილას ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ვოლოდიმირ ვენჰერმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. აღსანიშნავია, რომ ეს არის კიევ-მოჰილას ეროვნული უნივერსიტეტის მიერ (უნივერსიტეტი დაარსდა 1615 წელს და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული პირველი მემორანდუმი, რომელიც ორ უნივერსიტეტსა და განსაკუთრებით მათ სამართლის სკოლებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

კიევ-მოჰილას უნივერსიტეტში ასევე გაიმართა საერთაშორისო საექსპერტო დისკუსია თემაზე: „სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული მდგრადობა: უკრაინის კონსტიტუციის 30 წლის იუბილე“ უკრაინის, მოლდოვის, ლიეტუვისა და გაერთიანებული სამეფოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით. დისკუსიაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: კონსტიტუციური კონტროლი, ხელისუფლების დანაწილებისა და ურთიერთშეკავება-გაწონასწორების პრინციპები, დემოკრატიული მდგრადობა ომის პირობებში, ვენეციის კომისიის განახლებული „კანონის უზენაესობის საკონტროლო სია“.

26 ივნისს პროფესორმა გიორგი პაპუაშვილმა მოწვეული საერთაშორისო მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში „უკრაინული კონსტიტუციონალიზმი XXI საუკუნეში: კონსტიტუციური განვითარება, ომის გამოცდა და ევროპული ინტეგრაციის გამოწვევები“. ღონისძიება უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით კონსტიტუციის მიღებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. კონფერენციის გახსნით სესიაში მონაწილეობდნენ უკრაინელი და საერთაშორისო სამართლის სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები, მათ შორის: უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი, გერმანიის ფედერალური იუსტიციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრი შტეფან ჰუბიგი, ასევე ევროპის საბჭოს, ეუთოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წარმომადგენლები.

ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანმა მონაწილეობა მიიღო სესიაში, რომელიც ომის პირობებში და მის შემდგომ პერიოდში კონსტიტუციონალიზმის გამოწვევებსა და ევროინტეგრაციის საკითხებს დაეთმო.

2026

 

 

ბანერები