ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების კლინიკა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება 2016 წელს დაფუძნდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) დაფინანსებით და მოიცავს ადამიანის უფლებათა კლინიკას, ადამიანის უფლებათა კინოკლუბსა და სოკრატეს კლუბს.
ადამიანის უფლებათა მიმართულება ახორციელებს ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა სასწავლო აქტივობას. მისი საქმიანობა მოიცავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ კვლევების განხორციელებას, სტატიების მომზადებას, ადამიანის უფლებათა შესახებ გაკვეთილების ჩატარებას, ადამიანის უფლებების თემაზე საუნივერსიტეტო კვირეულის, ქალთა ისტორიის თვისა და გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას, მათში მონაწილეობას და სხვ.
ადამიანის უფლებების კლინიკა დაფუძნდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერითა და ნორთვესტერნის უნივერსიტეტთან (ილინოისის შტატი, აშშ) თანამშრომლობის ფარგლებში. ადამიანის უფლებების კლინიკა 2018 წლიდან ფუნქციონირებს.
კლინიკის მიზანია დისკრიმინაციის ან/და ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეების, მოწყვლადი ჯგუფების საქმეებზე სამართალწარმოების გზით სამართლის სკოლის სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული სამართლებრივი ცოდნის შექმნა/გაღრმავება, მათი პროფესიული უნარებისა და იურიდიული აზროვნების განვითარება, ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ფუნდამენტურ ღირებულებათა ჩამოყალიბება.
კლინიკის საქმიანობის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტები და საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები აკადემიური კურსის პარალელურად კვალიფიციური იურისტების სუპერვიზიის ქვეშ გასცემენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ამზადებენ იურიდიულ დოკუმენტებს, აწარმოებენ საქმეებს როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, სახალხო დამცველის აპარატში, შრომის ინსპექციაში და სხვ.
სოკრატეს კლუბი 2022 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის დაფინანსებით დაფუძნდა და წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულების პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მნიშვნელოვან და საინტერესო სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზს ადამიანის უფლებათა ჭრილში, მათზე დისკუსიების წარმართვას. კლუბი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ იმსჯელონ მოსამართლეებთან, ადვოკატებთან ან/და შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან ერთად. სამართლის სკოლის სტუდენტები დისკუსიას წარმართავენ სოკრატეს მეთოდით, რომელიც შესაბამისი კითხვებისა და აქცენტების დასმით პრობლემის სრულყოფილი ანალიზის საშუალებას იძლევა.
ადამიანის უფლებათა კინოკლუბი 2017 წელს ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების ინიციატივითა და ადამიანის უფლებათა მიმართულების მხარდაჭერით შეიქმნა. კინოკლუბში იმართება კინოჩვენებები და დისკუსიები ადამიანის უფლებების სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე.
კინოჩვენებებსა და დისკუსიებს ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება ორგანიზებას უწევს მიმდინარე აქტუალური მოვლენების, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული კამპანიების შესაბამისად და მათზე დასწრება თავისუფალია. დისკუსიებზე, რომელთაც კინოჩვენების მომდევნო საათი ეთმობა, სტუმრები აუდიტორიასთან ერთად მსჯელობენ ფილმში წამოჭრილ საკითხებზე. კინოკლუბის მიერ გამართულ კინოჩვენებებსა და დისკუსიებზე იწვევენ დარგის ექსპერტებს, აკადემიური სფეროსა და უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დისკუსიებს უძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.