სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კვლევითი საქმიანობა

კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობა

სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის კოორდინირებით ამ ეტაპზე ხორციელდება ორი სამეცნიერო პროექტი, რომლებიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

პირველი არის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო კონკურსის გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით „ეფექტური კორპორაციული მართვის სისტემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებისათვის – არსებული სამართლებრივი რეგულირება, გამოწვევები და რეკომენდაციები“ (პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი დავით მაისურაძე). პროექტი არის ორწლიანი და მისი მიზანია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებთან მიმართებაში არსებული საკანონმდებლო ბაზის და საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი, სამართლებრივი ბაზის დახვეწისათვის აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავება და კორპორაციული მართვის სარეკომენდაციო სისტემის შემუშავება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებისათვის.

საქართველოში სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოები საკმაოდ აქტუალური და პრობლემური სფეროა, კერძოდ, არ არის განსაზღვრული, ვის შეუძლია ასეთი საწარმოების დაფუძნება; წილის რა ოდენობას უნდა ფლობდეს სახელმწიფო საწარმოში იმისათვის, რომ ჰქონდეს მისი მართვის უფლება; სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების მენეჯმენტი არ არის ეფექტური და გამჭვირვალე; ამავდროულად, სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების მართვა ატარებს დეცენტრალიზებულ და დუალისტურ ნიშნებს, რაც არ არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.

მეორე არის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით „ინვესტიციების დაცვის მექანიზმები საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საკორპორაციო სამართლის მიხედვით“ (პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი დავით მაისურაძე).

აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე არ ჩატარებულა ერთიანი და სრულმასშტაბიანი კვლევა, რომელიც განიხილავდა საკორპორაციო სამართალში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმდინარეობის, კერძოდ, რეგულირებებისა და დერეგულაციის ხარჯისა და სარგებლიანობის ანალიზს. საქართველოში არ განხორციელებულა საბაზრო ურთიერთობის საფუძველზე განვითარებული სამართლის ინსტიტუტების ერთიანი კვლევა; არ არის გამოკვლეული ასეთი ინსტიტუტების დადებითი და უარყოფითი მხარეები; ასევე მათი ქმედუნარიანობა, კერძოდ – რამდენად რეალურად შეუძლიათ აღნიშნულ ინსტიტუტებს განხორციელებული ინვესტიციების დაცვა.

პროექტი ორწლიანია და მიზნად ისახავს ინვესტიციის დაცვის საკორპორაციოსამართლებრივი მექანიზმების კვლევას.

აღსანიშნავია, რომ პროექტების ფარგლებში ტარდება სხვადასხვა სახის საჯარო შეხვედრები და კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობენ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, ასევე მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების წარმომადგენლები.

კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრი, როგორც კვლევითი დაწესებულება, მომავალშიც გეგმავს აქტიური მონაწილეობა მიიღოს კვლევით და საკონსულტაციო პროექტებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქართული მეცნიერების განვითარებაში.

ბანერები