ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაზე 2017-2018 სასწავლო წლისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:

  • ციფრული ეპიგრაფიკა;
  • ციფრული პროსოპოგრაფია;
  • კომპიუტერული და კორპუსის ენათმეცნიერება.

ციფრული ჰუმანიტარიის სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ.

პროგრამაზე მისაღები საერთო რაოდენობა – 4 (სამივე მიმართულებაზე გათვალისწინებული არის თითო ადგილი, ხოლო მეოთხე ვაკანტური ადგილი დაემატება ერთ-ერთი მიმართულებით).

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2018 წლის 9 მარტის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნდა გამოგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე phd@iliauni.edu.ge

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძულ PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საბუთების პაკეტი უნდა გამოგზავნოთ მხოლოდ ერთხელ. მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

1) სარეგისტრაციო ფორმა (სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ);

2) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

3) პირადობის მოწმობა;

4) ფოტოსურათი 3x4;

5) ავტობიოგრაფია (CV);

6) სადოქტორო კვლევითი განაცხადი; (იხილეთ სადოქტორო კვლევითი განაცხადის ფორმა)

7) იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ აბარებს ინგლისური ენის გამოცდას, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL (P/B at least 513 points; I/BT at least 78 points); IELTS (at least 5.5 points); FCE).

მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (პროგრამის აკადემიური პერსონალი კვლევითი ინტერესების აღწერით იხილეთ აქ).

აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი – უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ხოლო იმ პირებმა, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს, უნდა წარმოადგინონ დიპლომის დანართი ან ცნობა პროგრამის განხორციელების ენის შესახებ.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.


მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში.

კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში. გამოცდის მინიმალური ბარიერია 65 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 10 მარტს (ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 9 მარტისა).

იხილეთ ინგლისურ ენაში საგამოცდო ტესტის ნიმუში

ინგლისური ენაში გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 11 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 12 მარტს (10:00-დან18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2018 წლის 13 მარტს. უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ). სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2018 წლის 21 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 22 და 23 მარტს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)

სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2018 წლის 27 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია! პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2018 წლის 28 მარტს. აუდიტორიისა და დროის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 29 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 30 მარტს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირი გამოცდა გაიარონ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 2 აპრილს (აუდიტორია და დრო მიეთითება მოგვიანებით).

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე ციფრული ჰუმანიტარიის სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია გამოქვეყნდება 2018 წლის 3 აპრილს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2018 წლის 4 და 5 აპრილს, A 303 ოთახში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), ხოლო თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

თამარ შოშიტაშვილი

ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
☏ (+995 32) 222 00 09 (210)
✉: tamari.shoshitashvili.1@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A202

 

ბანერები