ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:

  • პოლიტიკის მეცნიერება
  • ისტორია

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის აღწერა  იხილეთ აქ

პროგრამაზე მისაღები საერთო რაოდენობა – 4

მიმართულებების მიხედვით მისაღები რაოდენობებია:

პოლიტიკის მეცნიერება – ერთი ადგილი

ისტორია – სამი ადგილი

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია 
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2018 წლის 25 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნდა გამოგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: phd@iliauni.edu.ge  

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძულ PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საბუთების პაკეტი უნდა გამოგზავნოთ მხოლოდ ერთხელ. მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

1) სარეგისტრაციო ფორმა (სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ);
2) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული 
მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
3) პირადობის მოწმობა;
4) ფოტოსურათი 3x4;
5) ავტობიოგრაფია (CV)
6) სადოქტორო კვლევითი განაცხადი; სადოქტორო კვლევითი განაცხადის ფორმა იხილეთ აქ
7) იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ გადის ინგლისური ენის გამოცდას, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL (P/B at least 513 points; I/BT at least 78 points); IELTS (at least 5.5 points); FCE). ან აპლიკანტებმა, რომლებსაც ინგლისურ ენაზე აქვთ გავლილი ბაკალავრიატის და /ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

  • ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ განვლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

ასევე,შესაძლებელია, სტუდენტმა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ B2 დონეზე.

მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისათვის დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელი წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ბაზა მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების აღწერით იხილეთ აქ).

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში 

კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში. გამოცდის მინიმალური ბარიერია 65 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. 

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 6 ივნისს. ინფორმაცია საგამოცდო აუდიტორიის და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

იხილეთ ინგლისურ ენაში საგამოცდო ტესტის ნიმუში.

ინგლისური ენაში გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 6 ივნისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 7 ივნისს (10:00 დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

გაითვალისწინეთ! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2018 წლის 8 ივნისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
 
მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა 

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს  5-ქულიანი სარეიტინგო შკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ). სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადი კომისიის მიერ შეფასდება 3- ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2018 წლის 8 ივნისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 11 ივნისს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)

სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2018 წლის 12 ივნისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მეოთხე ეტაპი: გასაუბრება

გასაუბრება – სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან გასაუბრებას დარგობრივი კომისიის წინაშე. 

გასაუბრება შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო შკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით (გასაუბრების შეფასების ფორმა ყველა მიმართულებისათვის იხილეთ აქ)

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გასაუბრებაზე შეფასდება 3 ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია! პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

გასაუბრება დარგობრივი კომისიების წინაშე გაიმართება 2018 წლის 13 ივნისს. აუდიტორიისა და დროის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 13 ივნისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი გასაუბრების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 14 ივნისს 13:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმოადგინეს საპრეტენზიო განაცხადი გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ გასაუბრება შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 14 ივნისს 15:00 საათიდან (აუდიტორია და ინდივიდუალური დროები მოგვიანებით).

გასაუბრების საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამაზე (მიმართულებები: პოლიტიკის მეცნიერება, ისტორია ) ჩასარიცხ კანდიდატთა სია, გამოქვეყნდება 2018 წლის 14 ივნისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ხელშეკრულების გაფორმება: 

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2018 წლის 15 ივნისს 10:00-დან 15:00 საათამდე (A 303 ოთახში, ი. ჭავჭავაძის 32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები: 

ა) პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა – მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი (თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის). უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), ხოლო თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ); შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ B2 დონეზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით

დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

ლელა ბერიძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ტელ.: 2 22 00 09 (206)

ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 

ბანერები