ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

განცხადება პროგრამაზე მიღებისა და სტიპენდიის შესახებ – სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე.

ვაკანტური ადგილი: 2.

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული მაქსიმუმ ორი სტუდენტისთვის აწესებს სტიპენდიას. სტიპენდიის მოცულობა განისაზღვრება თვეში 400 ევროს ექვივალენტით ლარში და შესაძლოა გაგრძელდეს სამი წლის განმავლობაში. სტიპენდიის განახლება დამოკიდებული იქნება სტიპენდიანტის მიერ ყოველწლიურად სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისობის შესრულებასა და აკადემიურ მოსწრებაზე. დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიისთვის განცხადებების მიღების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ განცხადების ბოლოს.

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2022 წლის 22 ივლისიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე,  ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნონ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  phd@iliauni.edu.ge

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა დოკუმენტები უნდა ატვირთონ ერთხელ, ერთ საქაღალდედ აკინძული PDF ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება. მიღებას დაადასტურებს ფაკულტეტის წარმომადგენელი.

  1. სარეგისტრაციო ფორმა (სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ)
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული  მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან) ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის  ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
  4. ავტობიოგრაფია (CV);
  5. ფოტოსურათი 3x4;
  6. სადოქტორო კვლევითი განაცხადი (ფორმა იხილეთ აქ) ხელმოწერილი პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ; 

მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ  რეგისტრაციისათვის დოქტორანტს  წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის  ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებით  მიმართულებების მიხედვით იხილეთ  აქ.

  1.  იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს სურს ინგლისური ენის გამოცდისგან განთავისუფლება უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი-Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  2. აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი  უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონეზე  ცოდნის დასადასტურებლად ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდეთ დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2022 წლის 17 აგვისტოს.

ინფორმაცია გამოცდაზე დასასწრები ბმულისა და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2022 წლის 16 აგვისტოს.

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები - public version - band descriptors.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება  2022 წლის 18 აგვისტოს 11 საათამდე უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 18 აგვისტოს, 11:00-დან -18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდაში სააპელაციო გამმოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2022 წლის 19 აგვისტოს.

ინფორმაცია გამოცდაზე დასასწრები ბმულისა და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2022 წლის 18 აგვისტოს.

ინგლისურ ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2022 წლის 22 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ). სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2022 წლის 25 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 29 აგვისტოს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2022 წლის 5 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და  მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  გაივლიან ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით 2022 წლის  6 სექტემბერს. ინფორმაცია გამოცდაზე დასასწრები ბმულისა და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის  8 სექტემბერს. უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 9 სექტემბერს (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge

იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირი გამოცდა გაიარონ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2022 წლის 12 სექტემბერს . ინფორმაცია გამოცდაზე დასასწრები ბმულისა და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2022 წლის 9 სექტემბერს.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2022 წლის 15 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2022 წლის 19 და 20 სექტემბერს A 303 ოთახში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში -პასპორტის(ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა- მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი  (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(მხოლოდ ვაჟებისთვის); ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

ინფორმაცია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის სტიპენდიების შესახებ

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული მაქსიმუმ ორი სტუდენტისთვის აწესებს სტიპენდიას. სტიპენდიის მოცულობა განისაზღვრება თვეში 400 ევროს ექვივალენტით ლარში და შესაძლოა გაგრძელდეს სამი წლის განმავლობაში.

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ სტიპენდიის მოპოვება, შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, მოკლე განაცხადი თავიანთი საკვლევი თემის შესახებ და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. განცხადებების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: სასტიპენდიო პროგრამა დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. ზეპირი გასაუბრებები ჩატარდება 21-22 სექტემბერს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • დაინტერესებული აპლიკანტები უნდა იყვნენ საქართველოს, სომხეთის ან აზერბაიჯანის მოქალაქეები;
  •  დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა დაასაბუთონ სამოტივაციო წერილში (1-2 გვერდი) თავიანთი ინტერესი და საჭიროება სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, ასევე მიუთითონ, თუ როგორ უკავშირდება მათი სადოქტორო კვლევითი პროექტი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ძირითად თემატურ სამუშაო მიმართულებებს (https://ge.boell.org/ka/2021/03/03/program-priorities-2021-2023) და ასევე აღწერონ, როგორ დაეხმარება მათ აღნიშნული სტიპენდია მომავალ აკადემიურ კარიერაში;

სტიპენდიის პროგრამაში შერჩეული აპლიკანტები ვალდებული იქნებიან, შეასრულონ ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც განსაზღვრულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. სტიპენდიის განახლება დამოკიდებული იქნება სტიპენდიანტის მიერ ყოველწლიურად სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისობის შესრულებასა და აკადემიურ მოსწრებაზე. სტიპენდიატები ასევე ვალდებულები იქნებიან წარმოადგინონ ყოველწლიური ანგარიში, რომელიც უკავშირდება მათ საველე კვლევას ან წარმოადგინონ აკადემიური სტატია, რომელიც გამოქვეყნდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებგვერდზე. გარდა ამისა, სასურველია,  სტიპენდიატებმა მონაწილეობა მიიღონ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებსა ან კონფერენციებში.

ფონდის სასტიპენდიო პროგრამაში არ იქნება განხილული იმ აპლიკანტების განაცხადები, რომლებიც იღებენ ყოველთვიურ ხელფასს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რომლებსაც ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ.

 2022 წელი

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
მარიამ მარდალეიშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელ.ფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 

ბანერები