ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მიღება სასერტიფიკატო კურსზე: „ვემზადებით IELTS გამოცდისთვის (აკადემიური მოდული)“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი და აკადემიური წერის ცენტრი აცხადებენ მიღებას კემბრიჯის IELTS ტესტის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად მოსამზადებელ სასერტიფიკატო კურსზე „ვემზადებით IELTS გამოცდისთვის (აკადემიური მოდული)“.

კურსის შესახებ

კურსის „ვემზადებით IELTS გამოცდისთვის (აკადემიური მოდული)“ მიზანია მსმენელი მოამზადოს კემბრიჯის საერთაშორისო საგამოცდო ტესტის IELTS-ის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად. ამ მიზნის მისაღწევად შექმნილი იქნება შესაფერისი გარემო, რომელშიც თანმიმდევრულად განვითარდება და დაიხვეწება გამოცდისთვის საჭირო ოთხივე ენობრივი უნარი, ზოგადი და აკადემიური ლექსიკა და გრამატიკული სტრუქტურები; მსმენელი გაეცნობა დროში ნაცად უახლეს საგამოცდო ტაქტიკას და გამოიმუშავებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელ ტექნიკას.

ოთხივე ენობრივი უნარი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მსმენელები ადვილად დაინახავენ, რომ, მაგალითად, კითხვითი დავალების შესრულების დროს ნასწავლი სიტყვები თუ გრამატიკული ფორმები შეუძლიათ გამოიყენონ საუბრის ან წერის დროსაც. იკვრება წრე, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. ეს კარგად გამოჩნდება ყოველი მომდევნო კვირის სესიაზე გამოცდაზე ორიენტირებული და შესაბამისი ფორმატის პრაქტიკული სამუშაოსExam Focus შესრულებისას. კურსის ბოლოს კი საგამოცდო პირობების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება IELTS-ის სიმულაციური ტესტი Mock Test (ოთხივე ნაწილი). შემდეგ ერთი სესია დაეთმობა ტესტის შედეგების განხილვას და თითოეული მსმენელი მიიღებს ინდივიდუალურ პრაქტიკულ რჩევებს.

კურსის ყველა აქტივობაში სათანადო მონაწილეობის, დაგროვილი ქულებისა და სიმულაციური ტესტის შედეგის მიხედვით გაიცემა კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი, რომელსაც მსმენელი წარადგენს იქ, სადაც B2 დონის დამადასტურებელი საბუთია საჭირო.


ტრენერები

ტრენერი მაია როგავა

მაია როგავა ფილოლოგია, პროფესორი ბიზნესის ინგლისურისა და აკადემიური ინგლისურის სწავლების მიმართულებით. ფლობს ინგლისურის, როგორც უცხო ენისა, და ბიზნესის ინგლისურის მასწავლებლის საერთაშორისო კვალიფიკაციას, არის ბრიტანეთის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი; ასევე კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდების საუბრის ნაწილის გამომცდელი. აქვს პროფესიული ინგლისურისა და კემბრიჯის ინგლისურ ენაში სხვადასხვა გამოცდისთვის მოსამზადებელი პროგრამების (FCE, CAE, BECs, ILEC, IELTS) შექმნის, მართვისა და სწავლების 24-წლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე იყო ბრიტანეთის საბჭოს კონსულტანტი საქართველოში ინგლისური ენის სწავლების პროექტებში, ასევე მათი ტრენერი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2010 წლიდან. 2014 წლიდან ამ წელს შექმნილი აკადემიური წერის ცენტრის დირექტორია, ხოლო 2018 წლიდან ზოგადი მოდულის ინგლისურის სწავლების პროგრამის აკადემიურ ნაწილს ხელმძღვანელობს. უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებს ასწავლის აკადემიურ ინგლისურს და აკადემიურ წერას ინგლისურ ენაზე. იგი ასევე ხელმძღვანელობს აკადემიური წერის ცენტრის ყველა ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამას აკადემიურ წერაში და პროფესიული ინგლისურის (ბიზნესინგლისური და იურიდიული ინგლისური) სწავლების პროგრამებს.

ტრენერი თამარ მექოშვილი

მაგისტრი ინგლისური ენის სწავლების თეორიისა და პრაქტიკის მიმართულებით. იგი კემბრიჯის CELTA სერტიფიკატის მფლობელია; თამარმა ლონდონში გაიარა ინგლისური ენის სწავლების კურსი და ბარსელონაში – DELTA მეორე მოდული. შემდგომ წარჩინებით დაასრულა DELTA მესამე მოდული. მისი საკვალიფიკაციო ნაშრომი ეხებოდა IELTS საგამოცდო მოკლევადიანი კურსის დაგეგმვა-განხორციელება-შეფასებას.

2008 წლიდან ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა ზოგად და ბიზნესის ინგლისურს; შემდგომ ინგლისური ენის ინსტრუქტორად მუშაობდა შუა აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (ქუვეითი), რომელშიც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს უკითხავდა აკადემიური წერის კურსს. ამის შემდეგ თამარი დაბრუნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც ზოგადი და ბიზნესინგლისურის მასწავლებელი, მასწავლებელთა გუნდის ხელმძღვანელი, ასევე თანამშრომლობდა ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში და მათ ენების ცენტრში ატარებდა IELTS 60- საათიან კურსებს. დღეს IELTS ჯგუფებს ასწავლის ინგლისური ენის ცენტრში Lingua Lab; ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, მიჰყავს ბიზნესის ინგლისურის (C1) კურსი, ასევე მაგისტრანტებთან – ერთსემესტრიანი IELTS კურსი.


კურსის შესახებ ინფორმაცია

კურსის დაწყების დრო: 7 ნოემბერი, 2022

ფორმატი: ონლაინ

სესიების ხანგრძლივობა: 2 საათი

კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 66 საკონტაქტო საათს, რომლებიც განაწილდება 11 კვირაზე.

განრიგი: კვირაში 3-ჯერ. სამშაბათი, ხუთშაბათი – 20:00 საათი; შაბათი – 15:00 საათი (შაბათის ცხრილი დაზუსტდება ჯგუფთან).

სრული კურსის საფასური: 900 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ნოემბერი, 2022

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3yPQF4Y

2022 წელი

ბანერები