ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მიღება სასერტიფიკატო კურსზე „მუსიკალური ფორმის ანალიზი“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას კურსზე „მუსიკალური ფორმის ანალიზი“.

ტრენინგის შესახებ

პროგრამის მიზანია მისცეს მსმენელს მუსიკალური ფორმის ძირითად სახეობათა თეორიული ცოდნა და ამ კუთხით მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის მყარი პრაქტიკული უნარი.

კურსის წარმატებით დასრულების შედეგად მსმენელი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას აკადემიური მუსიკის მუსიკალური ფორმების სახეობებსა და მათ თავისებურებებზე, კერძოდ, რას წარმოადგენს მუსიკალური ფორმა და სტრუქტურა; რა ელემენტებისგან შედგება მუსიკალური სინტაქსი; რა ხერხებით ვითარდება მუსიკალური მასალა; რა მუსიკალური ფორმები ახასიათებს ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქას, რა კანონზომიერებებით ხასიათდება ესა თუ ის მუსიკალური ფორმა და სხვ.

მსმენელი შეძლებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, კერძოდ, ფორმის კუთხით აკადემიური მუსიკის სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და ჟანრის კომპოზიციების ანალიზს.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან:

  • მუსიკალურ ფორმას, როგორც ცნებას; 
  • მუსიკალური ფორმის სტრუქტურულ ელემენტებს: მოტივს, ფრაზას, წინადადებას, პერიოდს. ცენზურის როლს მუსიკალურ ფორმაში;
  • მუსიკალურ თემას, როგორც დასრულებული აზრის, მხატვრული სახის გადმოცემის ფორმას;
  • მუსიკალური მასალის განვითარების ხერხებს: ვარიაციულს, დამუშავებითს, თავისუფალი გაშლის, წარმოებულისა და დაპირისპირების კონტრასტს;
  • მუსიკალური ფორმის ნაირსახეობებს;
  • მარტივ ორ და სამნაწილიან ფორმებს, მათი აგებულების თავისებურებებსა და მსგავსება-განსხვავებას; მათი ისტორიულ მნიშვნელობას;
  • რთულ სამნაწილიან ფორმას ბაროკოს, კლასიციზმისა და რომანტიზმის ეპოქებში;
  • ვარიაციულ ფორმას: ვარიაციულობას, როგორც მუსიკალური მასალის განვითარების პრინციპს, და ვარიაციებს, როგორც ფორმას; ოსტინატურ ვარიაციებს; მკაცრ და თავისუფალ ვარიაციებს;
  • რონდოს ფორმას: რონდო ხალხურ მუსიკაში, ვოკალურ და ინსტრუმენტულ ჟანრებში; რონდოს ფორმის თავისებურებებს ბაროკოს, კლასიციზმის, რომანტიზმის ეპოქებსა და თანამედროვე მუსიკაში;
  • სონატურ-სიმფონიურ ციკლსა და სონატურ ფორმას რონდო-სონატა. სონატურ-სიმფონიური ციკლის აღნაგობას, მისი დრამატურგიული აგებულების ძირითად პრინციპებს. სონატურ ფორმას, როგორც ვენის კლასიციზმის ეპოქის მუსიკალური აზროვნების კვინტესენციას. სონატურ ფორმას რომანტიზმსა და თანამედროვე მუსიკაში;
  • პოლიფონიას, როგორც მუსიკალური აზროვნების ტიპს. პოლიფონიურ ფაქტურას, პოლიფონიურ ტექნიკას; პოლიფონიური მუსიკისთვის დამახასიათებელ ფორმებს: კანონს, ინვენციას, ფუგას.

ტრენერის შესახებ

ქეთევან შენგელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მუსიკის ცენტრის ლექტორი და საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი

განრიგი და ფორმატი

ტრენინგი დაიწყება 5 დეკემბერს და მოიცავს 28 საკონტაქტო საათს (აქედან 6 საათს ლექციებისთვის და 12-ს სემინარებისთვის, 10 საათი შუალედური და დასკვნითი შეფასებისათვის).

ტრენინგები გაიმართება დისტანციურად კვირაში 2 დღე – პარასკევს 18:00 საათზე და შაბათს 15:00 საათზე.

ფასი: 180 ლარი

კურსზე რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის საჭიროა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება ბმულზე: https://bit.ly/3UGVkPM

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 18:00 საათი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

2022 წელი

ბანერები