ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ფინალისტების გამოცხადება

ღონისძიებები

19 მარტს, 18:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიების - „გვიანი ღამე ილიაუნიში“ ფარგლებში, ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ფინალისტები გამოცხადდება.

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე ხუთწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, საქართველოში რომანის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დააარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის. პრემია აქამდე ოთხ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრიზი აიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), 2011 წელს - ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია გაინაწილეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“).

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ პრემია გაიცეს უცხოენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანისათვის. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოსაზრება, რომ დიდი და დიადი უცხოენოვანი ნაწარმოებების ქართული თარგმანები ხშირად ისევე უწყობს ხელს რომანის ჟანრის განვითარებას, როგორც ორიგინალური რომანების წერა. გამარჯვებული შეირჩევა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული თარგმანებიდან.

რაც შეეხება 2014 წელს გამოქვეყნებულ ორიგინალურ ქართულ რომანებს, ისინი გაივლიან კონკურსს, რომელიც 2015 წლის ბოლოს გამოცხადდება, მომავალი წლის ნაწარმოებებთან ერთად.

წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულის შერჩევისას ყურადღება მიექცევა ორ ფაქტორს:

1. თარგმანის ხარისხი: რამდენად ზუსტად და ადეკვატურად არის გადმოტანილი ქართულ ენაზე უცხოენოვანი ნაწარმოების ენობრივი ქსოვილი, რამდენად ახერხებს მთარგმნელი, ქართულ ენაზე შექმნას იმ რომანის ეკვივალენტი, რომელიც უცხოენოვანი ლიტერატურის კონტექსტში შეიქმნა;
2. ორიგინალის ხარისხი: რამდენად მნიშვნელოვანი და გავლენიანია რომანი მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში.

გამარჯვებულს გამოავლენს ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური.

დრო: 19 მარტი, 18:30-19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

გვიანი ღამე უნივერსიტეტში ტრადიციად დამკვიდრდება და გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

გელოდებით 19 მარტს ილიაუნიში, ხოლო 20 მარტს - ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტში ილიაუნის კოსმო დაბადების დღეზე.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები