ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიაუნის ლიტერატურული პრემია უცხოენოვანი რომანის თარგმანისათვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანის გამოსავლენად, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 2010-2014 წლებში.  

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე ხუთწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს  უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და დაარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის. პრემია აქამდე ოთხ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრიზი აიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), ხოლო 2011 წელს - ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია აიღეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“). 

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ პრემია გაიცეს უცხოენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანისათვის. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოსაზრება, რომ დიდი და დიადი უცხოენოვანი ნაწარმოებების ქართული თარგმანები ხშირად ისევე უწყობს ხელს რომანის ჟანრის განვითარებას, როგორც ორიგინალური რომანების წერა. გამარჯვებული შეირჩევა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული თარგმანებიდან.

რაც შეეხება 2014 წელს გამოქვეყნებულ ორიგინალურ ქართულ რომანებს, ისინი განხილულ იქნებიან კონკურსში, რომელიც 2015 წლის ბოლოს გამოცხადდება,  მომავალი წლის ნაწარმოებებთან ერთად. 

წლევანდელი წლის კონკურსში გამარჯვებულის შერჩევისას ყურადღება მიექცევა ორ ფაქტორს: 

1. თარგმანის ხარისხი: რამდენად ზუსტად და ადეკვატურად არის გადმოტანილი ქართულ ენაზე უცხოენოვანი ნაწარმოების ენობრივი ქსოვილი, რამდენად ახერხებს მთარგმნელი, ქართულ ენაზე შექმნას იმ რომანის ეკვივალენტი, რომელიც უცხოენოვანი ლიტერატურის კონტექსტში შეიქმნა; 
2. ორიგინალის ხარისხი: რამდენად მნიშვნელოვანი და გავლენიანია თარგმნილი რომანი მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში. 

გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისაგან. 

პირობები: 

1. თარგმნილი რომანი ქართულ ენაზე პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს 2010-იდან 2014 წლის ჩათვლით; 
2. რომანი ქართულად თარგმნილი უნდა იყოს ორიგინალის ენიდან; 
3. რომანს განმსაზღვრელი გავლენა უნდა ჰქონდეს მოხდენილი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესზე;
4. წიგნი უნდა წარადგინოს ან გამომცემლობამ, ან - მთარგმნელმა. ჯილდო გადაეცემა მთარგმნელს;
5. განაცხადის შემოტანა შეიძლება 2015 წლის 5 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთვოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი;
6. გამარჯვებული გამოცხადდება 2015 წლის მარტში; 
7. გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია, რომლის ოდენობაც 10 000 ლარს შეადგენს.

ბანერები