ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი

ღონისძიებები

15 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი.
გაიმართება 3 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემებზე „ებრაული იდენტობა საქართველოში და გლობალიზაციის დასაწყისი“ და „ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩახშული ხმა და სოციალური ინტეგრაციის დილემები“ წაიკითხავს პროფესორი ნინო ფირცხალავა.

ანოტაცია

„ებრაული იდენტობა საქართველოში და გლობალიზაციის დასაწყისი“ - ნინო ფირცხალავასა და ლალი გულედანის კვლევა  მხოლოდ ერთი ასპექტია იმ კომპლექსური კვლევისა, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნის (fin de siècle) თბილისის, როგორც მულტიეთნიკური და მულტიკულტურული ქალაქის, ფენომენის შესწავლას გულისხმობს. ამ პრობლემის საფუძვლიანად განხილვისას შეუძლებელია კვლევის შემოფარგვლა მხოლოდ „ქართველ ებრაელთა“  იდენტობის გარკვევით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მრავალეროვანი თბილისის სხვა ეთნიკური ჯგუფების კულტურული, რელიგიური და ლინგვისტური თვალსაზრისით შესწავლა, რაც, თავის მხრივ, ინტერდისციპლინური კვლევის აუცილებლობას გულისხმობს.  თბილისის, როგორც მრავალეროვანი და მრავალენოვანი ფენომენის, შესწავლა გულისხმობს მულტიკულტურულობის საკითხის განხილვას ქალაქის სემიოტიკის შუქზე იმის გათვალისწინებით, თუ რა ფუნქციონალობას იძენს ამ კონტექსტში თბილისის ესა თუ ის უბანი და რას წარმოადგენს ის მარკერები, რომლებიც ამ მულტიკულტურულობის განმსაზღვრელია. კვლევა ხორციელდება ფოლკსვაგენის ფონდთან თანამშრომლობით.
„წარსულში მომწყვდეულნი: ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩახშული ხმა და სოციალური ინტეგრაციის დილემები“ - მალხაზ თორიასა და ნინო ფირცხალავას კვლევის მიზანია სიმბოლური და პოლიტიკური ფაქტორების ურთიერთმიმართების კვლევა, რომლებიც ახშობს ან სუსტად წარმოაჩენს დევნილების მოთხოვნებს. თავის მხრივ, ეს ფაქტორები ხელს უშლის მათ ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში და განსაზღვრავს მათ მარგინალურ პოზიციას. კერძოდ, საკვლევი ამოცანები ორ დიდი საკითხის გარშემო დავაჯგუფეთ:
1.სიმბოლური დონე: „სამშობლოს“ ნოსტალგიური გახსენება, კოლექტიური ტრავმა და მსხვერპლის ნარატივები როგორც „სოციალური ჩაკეტილობის“ მიზეზები;
2.პოლიტიკური დონე: ხელისუფლების (ცენტრალური და ლოკალური; აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება და ე.წ. სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაცია; დევნილთა სამინისტრო) და არასამთავრობო ორგანიზაციების (რომლებიც დევნილთა პრობლემებით არიან დაკავებული) საქმიანობა. კვლევა ხორციელდება ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

  • მოხსენებას თემაზე „რომანტიკული ნაციონალიზმის ფორმირება საქართველოში და ქართული ლიტერატურა; კულტურული ფიგურების საკრალიზაცია და "დიდი უკვდავები“ წაიკითხავს პროფესორი ბელა წიფურია.

ანოტაცია

კვლევის ჰიპოთეზა გულისხმობს, რომ საქართველოში მოდერნული ტიპის ნაციონალური ცნობიერება სახეს იძენდა ევროპულ ერებში მე-19 საუკუნეში ნაციონალიზმის ფორმირების ერთიანი ლოგიკისა და ტენდენციების შესაბამისად. იმ ფონზე, რომ ევროპის ერები ამ პერიოდში ქმნიდნენ ერ-სახელმწიფოებს, ხოლო არაერთი ერის იდენტობის ფორმირება მიმდინარეობდა ევროპის დიდი იმპერიების ფარგლებში, საქართველოს მაგალითიც ცხადყოფს მოდერნული ეპოქის ერთიანი ტენდენციის არსებობას. ამასთან, არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, განმსაზღვრელია ლიტერატურის როლი ნაციონალიზმის იდეის და ნაციონალური იდენტობის, საბოლოოდ კი ერი-სახელმწიფოს ფორმირებაში. კვლევა ხორციელდება ამსტერდამის უნივერსიტეტისა და სლოვენიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ლიტერატურისა და ლიტერატურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარებთან თანამშრომლობით.

დრო: 15 დეკემბერი, 18: 00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები