ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში -სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი

ღონისძიებები

16 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი.
გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „სამართლისა და მორალის საკითხები ფიხტეს „მეცნიერებათა მოძღვრების“ მიხედვით“ წაიკითხავს პროფესორი თამარ ცოფურაშვილი.

ანოტაცია

პროექტი ხორციელდება სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის კვლევითი მიმართულების - „კვლევები ეთიკისა და მორალის საკითხებზე“ - ფარგლებში. ფიხტეს 1796 წლით დათარიღებული ტექსტი „ბუნებითი სამართლის დაფუძნება მეცნიერებათმოძღვრების მიხედვით“ წარმოადგენს ტექსტს, სადაც ფიხტე პირველად აფუძნებს ინტერსუბიექტურობის ცნებას, რომელიც შემდგომში თანამედროვე ფილოსოფიისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უკვე შესრულებულია კანტისა და ფიხტეს ბუნებითი სამართლის კონცენფციების შედარებითი ანალიზი. კვლევითი პროექტის შედეგი იქნება ფიხტეს ტექსტის „ბუნებითი სამართლის დაფუძნება მეცნიერებათმოძღვრების მიხედვით“ პირველი თავის თარგმნა და გამოცემა წინსმსწრები შესავლით, რომელიც კანტის, ფიხტეს და ჰეგელის ბუნებითი სამართლის თეორიების შედარებით ანალიზს დაეთმობა. პუბლიკაცია გათვალისწინებულია სასწავლო მასალებში ჩასართავად.

  • მოხსენებას თემაზე „გამოყენებითი ეთიკის არსი და სპეციფიკური სფეროები“ წაიკითხავს ნინო როდონაია.

ანოტაცია

ეთიკა დღეს აღარ არის მხოლოდ აკადემიური სფეროს კუთვნილება. ეთიკისგან მოითხოვება კონკრეტული რჩევები და პასუხები კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში მრავალი მიმართულებით გაჩნდა. ეს კითხვები მეოცე საუკუნეში სხვადასხვა მეცნიერების განსაკუთრებულ განვითარებას უკავშირდება. სწორედ ამ განვითარებამ და ადამიანისთვის სულ უფრო მეტი შესაძლებლობების მიცემამ გამოკვეთა დასავლეთში სპეციფიკური პრობლემატიკა, რომელზედაც ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლებელია რომელიმე ერთი მეცნიერული დისციპლინის ფარგლებში. ეს საკითხები მრავალი დარგის კომპლექსურ მიდგომას უნდა ითვალისწინებდეს. მათ საზოგადოებაში ახალი დისკუსიები გამოიწვიეს და ეთიკის არსიც შეცვალეს. წარმოიშვა ცნება „გამოყენებითი ეთიკა“, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროზე ორიენტირებულ ან სფეროს სპეციფიკით განსაზღვრულ ეთიკებს, კერძოდ: ბიოეთიკა (ადამიანის და ცხოველის) და სამედიცინო ეთიკა, კვლევის ეთიკა, გარემოს ეთიკა და სხვა. თავისთავად, ყოველი მათგანი შეიცავს მრავალი საკითხის ერთობლიობას.
 
დრო: 16 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები