ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“

ღონისძიებები

21 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“.

გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „ძილ-ღვიძილის ციკლის ფაზათა ურთიერთობა და თავის ტვინის ინტეგრაციული მოქმედება“ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ონიანი.

ანოტაცია

ნეირომეცნიერებების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა ძილის როლის დადგენა დასწავლასა და მეხსიერების პროცესში. მეხსიერებისა და ძილის პროცესების ურთიერთზეგავლენის შესწავლის ინტერესი გამოწვეულია სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემის არსებობით. საკვლევ პრობლემას წარმოადგენდა ვირთაგვებში ძილის გავლენის შესწავლა იმპლიციტური მეხსიერების პროცესირებაზე, რისთვისაც გამოიყენებოდა ძილის ტოტალური დეპრივაცია და აქტიური განრიდების ტესტი. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ
1.ძილის წინასწარი ტოტალური არაფარმაკოლოგიური დეპრივაცია არ ახდენს გავლენას აქტიური განრიდების დასწავლის პროცესზე;
2. ძილის პოსტსეანსური ტოტალური არაფარმაკოლოგიური დეპრივაცია არ მოქმედებს აქტიური განრიდების რეაქციის გახსენებაზე;
3.დასწავლის პროცესი არ იწვევს ძილის ინიცირების დაჩქარებას.
შედეგების ანალიზზე დაყრდნობით სავარაუდოა, რომ:
1.იმპლიციტური მეხსიერების კვალის კონსოლიდაციაში ძილი სპეციფიკურ როლს არ ასრულებს;
2.ძილის დეფიციტი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას დასწავლის პროცესზე და ნასწავლის დამახსოვრებაზე;
3. ღვიძილი უფრო მნიშვნელოვანია დასწავლისა და მეხსიერების კვალის კონსოლიდაციისათვის, ვიდრე ძილი.

ნეირომეცნიერებების კიდევ ერთი აქტუალური პრობლემაა დეპრესიის გამომწვევი მექანიზმების დადგენა. ჩვენს კვლევაში შეისწავლებოდა თანდაყოლილი „დეპრესიულობის“ ქცევითი ნიშნების მქონე ვირთაგვების ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურა და მისი პარამეტრების კორელაციის დადგენა ოპიოიდური რეცეპტორების სიმჭიდროვესთან ვირთაგვების თავის ტვინის ზოგიერთ სტრუქტურაში. მიღებული შედეგების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვირთაგვების დაბალი მოტორული აქტივობა, ძილ-ღვიძილის ციკლში პარადოქსული ძილის ჭარბი მოცულობა და მაღალი ინტენსივობა, სავარაუდოდ, დეპრესიული ვირთაგვებისათვის ფენოტიპურ მახასიათებლებს მიეკუთვნება. რაც შეეხება „დეპრესიულ“ ვირთაგვებში ოპიოიდური რეცეპტორების მაღალ სიმჭიდროვეს ამიგდალასა და კუდიან ბირთვში „არადეპრესიულ“ ვირთაგვებთან შედარებით, გენეტიკურად უნდა იყოს განპირობებული. კვლევამ აჩვენა, რომ თავის ტვინის აღნიშნულ სტრუქტურებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ემოციების რეგულაციაში, შესაბამისად, დეპრესიის ჩამოყალიბებასა და ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულაციაში.

  • მოხსენებას თემაზე „ძილ-ღვიძილის ციკლის პატერნი და ძილის ხარისხი საქართველოს ურბანულ მოსახლეობაში“ წაიკითხავს პროფესორი ნატო დარჩია.

ანოტაცია

თანამედროვე საზოგადოებაში ძილის დარღვევები ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება. ეპიდემიოლოგიური კვლევები ძილის დარღვევათა შეფასების მიზნით ძირითადად მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია ჩატარებული. ამ კუთხით, მონაცემები საქართველოს მოსახლეობაში ძალიან მწირია. ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევაში ძილის დარღვევათა შესწავლა მოხდა თბილისისა და ქუთაისის მოსახლეობაში (395 ინდივიდი) შემდეგი კითხვარების მეშვეობით: ძილის ხარისხი, უძილობის სიმწვავე, ძილის აპნოეს რისკი, დღის ძილიანობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი (SF-12).
წარმოდგენილი შედეგები შეეხება ძილ-ღვიძილის ციკლის პატერნისა და ძილის ხარისხის შეფასებას. ინდივიდების 43%-ს აღენიშნებოდა ძილის დაბალი ხარისხი, 41%-ს - ძილის დაბალი ეფექტურობა, 27.6%-ს ეძინა 6 საათი ან ნაკლები, 26.8%-ს ძილის კონსოლიდაციის პრობლემა ჰქონდა კვირაში 3-ჯერ ან მეტად, 27.6% ხვრინავდა და 10.6% იღებდა ძილზე მოქმედ მედიკამენტებს. ძილის ხარისხის ზოგადი ინდექსი ასაკის, მაგრამ არა სქესის სარწმუნო ეფექტს გვიჩვენებდა. ეკონომიური სტატუსისა და დეპრესიის ქულა ძილის ხარისხის სარწმუნო პრედიქტორებს წარმოადგენდა. კვლევის შედეგები მიუთითებს საქართველოში ძილის პრობლემათა მაღალ მაჩვენებელზე და ამ პრობლემის უფრო გლობალური შეფასების აუცილებლობაზე.


დრო: 21 დეკემბერი, 17: 00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები