ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია

ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია

საქართველოში ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიურ კვლევებს საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ონიანმა ჩაუყარა საფუძველი. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: გამოქვეყნებულია სამეცნიერო კრებულები, მონოგრაფიები და მრავალი სტატია; ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ცნობილი უცხოელი მეცნიერები. ამასთან, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ მეთოდებზე პატენტიც არის მიღებული. აკად. თ. ონიანის მიერ აღზრდილი მეცნიერები ამჟამად წარმატებით მოღვაწეობენ უცხოეთშიც. ბოლო ათწლეულში მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია უცხოური და ადგილობრივი ინსტიტუციების მიერ დაფინასებული სხვადასხვა სამეცნიერო პროექტი.

კვლევითი ცენტრის ძირითადი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს თავის ტვინის ინტეგრაციული მოქმედების კვლევას ადამიანსა და ცხოველებში, რაც გულისხმობს ძილ-ღვიძილის ციკლის ნეიროფიზიოლოგიური, ნეიროეთოლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური მექანიზმების შესწავლას; მოტივაციურ-ემოციური რეაქციების და ძილ-ღვიძილის ციკლის ცალკეულ ფაზათა ურთიერთდამოკიდებულების ნეირობიოლოგიური მექანიზმებისა და მათი ცვლილებების კვლევას; ცხოველებში სხვადასხვა ფსიქონერვული პათოლოგიის მოდელირებას დარღვევათა კორექციის გზების ძიების მიზნითა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვის პერსპექტივით. კვლევითი ცენტრის საქმიანობა ხელს უწყობს თეორიული ცოდნის გაღრმავებას იმ ფუნდამენტური ნეირობიოლოგიური მექანიზმების შესახებ, რომლებიც საფუძვლად უდევს ძილ-ღვიძილის ციკლს, და მისი მნიშვნელობის გარკვევას თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში.

კვლევითი ცენტრში ხორციელდება სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა - ნეირომეცნიერებები.
ლაბორატორიის კვლევებში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.
კვლევითი ცენტრი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - “Neurobiology of Sleep-Wakefulness Cycle”  - ფუნქციონირებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის პრ. 3/5
ქ. თბილისი 0162, საქართველო

ბანერები