ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი

ღონისძიებები

14 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი.

გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „შთაბეჭდვის რეკოგნიციული მეხსიერების მოლეკულური  მექანიზმები წიწილებში“ წაიკითხავს პროფესორი რევაზ სოლომონია.

ანოტაცია

დასწავლისა და მეხსიერების მოლეკულური საფუძვლების შეცნობის მთავარ სიძნელეს წარმოადგენს ტვინის იმ უბნის იდენტიფიკაცია, რომელიც მონაწილეობს შენახვის პროცესებში. ეს სიძნელე დიდწილად დაძლეულია მხედველობითი იმპრინტინგისათვის, რომელიც წარმოადგენს დასწავლის პროცესს, როდესაც ზოგიერთი სახეობის ახლად დაბადებულები, მათ შორის შინაური წიწილები, სწავლობენ და შემდგომ ამოიცნობენ წარდგენილი ობიექტის მახასიათებლებს. იმპრინტინგამდე არანაირ მხედველობით დასწავლას არ აქვს კვალი დაჩნეული ტვინზე. არსებობს მტკიცე თანმხვედრი მონაცემები, რომ წიწილების წინა ტვინის შემოსაზღვრული უბანი, მეზოპალიუმის მედიალური და ინტერმედიალური ნაწილი (იმმ), ინახავს იმპრინტინგისა და ფრინველებში სხვა დასწავლის შედეგად  მიღებულ ინფორმაციას (1). ამ მოდელის საშუალებით შესაძლებელია დასწავლის რაოდენობრივი ქცევითი მაჩვენებლების კორელაცია რეგიონის ბიოქიმიური ცვლილებების რაოდენობრივ მაჩვენებლებთან. ამ თვისებების უპირატესობის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა დადგენილიყო დასწავლისათვის სპეციფიკური რიგი მოლეკულური ცვლილებებისა, რომელიც სხვადასხვა უჯრედულ პროცესებს მოიცავს.  მოცემულ მოხსენებაში გაანალიზებული იქნება დასწავლისა და მეხსიერებისათვის სპეციფიკური ცვლილებები მიკრო-რნმ-ებში, ცილა კოგნინის ინტერაქტომი და მოტოქონდრიული დნმ-ის ეპიგენეტიკური ცვლილებები.

მიკრო-რნმ-ები (მირნმ) წარმოადგენენ მოკლე ენდოგენურ, ერთჯაჭვიან რნმ-ის მოლეკულებს, რომლებიც უარყოფითად არეგულირებენ გენების ექსპრესიას პოსტტრანსკრიფციულად. ჩვენ მიერ შედარებული იქნა ცვლილებები მიკრო-რნმ-ების სპექტრში დასწავლიდან 24 საათის შემდეგ კარგად და ცუდად დამსწავლელი წიწილების მარცხენა ნახევარსფეროს იმმ-ში. ამ შედარებებმა გამოავლინა 12 მიკრო-რნმ, რომელთა ექსპრესია სარწმუნოდ განსხვავდება ჯგუფებს შორის. ამ მიკრო-რნმ-ებიდან შემდგომი ვალიდაციისათვის შერჩეული იქნა mir-130b, რომელიც ზომიერი სიხშირის ექსპრესიით ხასიათდება. ჩვენ მიერ ნაჩვენები იქნა mir-130b მეხსიერებისათვის სპეციფიკური კლება მარცხენა იმმ-ში. შესაბამისად, გაზრდილი უნდა იყოს მისი სამიზნეებით კოდირებული ცილოვანი მოლეკულები, რომელთაგან ერთისათვის, კერძოდ კი DRP-1 ჩვენ ვაჩვენეთ მეხსიერებისათვის  სპეციფიკური მატება.

მოხსენებას თემაზე „გლუტამატის მეტაბოტროპული რეცეპტორ 5-ის მონაწილეობა მაკროფაგთა პლასტიურობაში“ წაიკითხავს ლალი შანშიაშვილი.

ანოტაცია

მაკროფაგები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასპინძლის დაცვასა და მისი ქსოვილოვანი ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ფუნქციურად მაკროფაგები ჰეტეროგენული უჯრედებია და, მიკროგარემოზე დამოკიდებულების მიხედვით, პოლარიზდება 2 ჯგუფად: კლასიკურად გააქტივებად M1 და ალტერნატიულად გააქტივებად M2 ფენოტიპებად. გლუტამინის მჟავა და გლუტამტის რეცეპტორები, შესაძლოა, მონაწილეობდნენ მაკროფაგების პლასტიურობაში. ჩვენ მოვახდინეთ გლუტამატის მეტაბოტროპული რეცეპტორი 5-ის ტრანსფექცია RAW-264.7 მაკროფაგულ უჯრედებში.  ტრანსფექცირებული და არატრანსფექცირებული უჯრედების  შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტრანსფექცირებული მაკროფაგები უფრო მეტი გლუტამატის  ადსორბციას ახდენდნენ, ვიდრე საკონტროლო უჯრედები. გლუტამატის უჯრედშიდა კონცენტრაცია კორელაციაში იყო ამაგზნებელი ამინომჟავების ტრანსპორტერ 2-ის ექსპრესიასთან.  ამასთან, ტრანსფექცირებულ  მაკროფაგებში იზრდებოდა პეროქსისომის პროლიფერაციის გამააქტივებელი რეცეპტორ-g -ს ექსპრესია, ინტერლეიკინ-10-ის, მაღალი მობილობის ჯგუფ ბ1-ის ცილების და გალექტინ-3-ის სეკრეცია, საკონტროლო უჯრედებთან შედარებით.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ  შიდაუჯრედული გლუტამატის კონცენტრაციისა და გლუტამატის მეტაბოტროპული რეცეპტორი 5-ის ექსპრესიის გაზრდას შეუძლია გამოიწვიოს მაკროფაგების მეტაბოლური გადაწყობა და იმუნოსუპრესორული M2 ფენოტიპის ფორმირება.

დრო: 14 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები