ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

ღონისძიებები

14 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი.

გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „ენის მოდელირება და კომპიუტერული ლინგვისტიკა“ წაიკითხავენ პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ირინა ლობჟანიძე

ანოტაცია

მოხსენებაში განხილული იქნება ენის დოკუმენტირებისა და კვლევის თანამედროვე სტანდარტები და ქართული ენის კორპუსული რესურსები (ქართული ენის კორპუსი - http://corpora.iliauni.edu.ge/), რომლებიც ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში შეიქმნა. მომხსენებლები წარმოადგენენ პრობლემებს, რომლებიც ქართული ენის კომპიუტერული დამუშავების პროცესში იჩენს თავს. ნაჩვენები იქნება უკვე შექმნილი საანალიზო ინსტრუმენტის, მორფოლოგიური ანალიზატორის, სამომავლო განვითარების პერსპექტივა: მორფოსინტაქსური მოდული, ელექტრონული კორექტორი, ელექტრონული მთარგმნელი.

  • მოხსენებას თემაზე „კავკასიისა და საქართველოს კულტურული სემანტიკის კვლევა“ წაიკითხავენ პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და თამარ კალხიტაშვილი

ანოტაცია

მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ორი კვლევითი პროექტი, რომლებიც ციფრული ჰუმანიტარიის სტანდარტების მიხედვით იქმნება:

  1. საქართველოს ეპიგრაფიკის კორპუსი (http://epigraphy.iliauni.edu.ge/), საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ან დაცული უძველესი არამეული, ბერძნული, ებრაული, ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების ელექტრონული გამოცემა, შესრულებული ლაიდენის კონვენციის ციფრული მემკვიდრის, EpiDoc-ის, მიხედვით. ურარტულიდან დაწყებული, საქართველოს ეპიგრაფიკაში წარმოდგენილია ძველი კულტურული სამყაროს თითქმის ყველა ფენა, რის გამოც იგი ყველაზე საერთაშორისო ქართველოლოგიური დარგია.
  2. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი (http://prosopography.iliauni.edu.ge/) - ციფრული პროსოპოგრაფიის სტანდარტის მიხედვით შექმნილი მონაცემთა ბაზა, რომელიც სოციალური ისტორიის კვლევის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. მოხსენება ეხება ქართულენოვანი საკვლევი მასალის, წყაროების დოკუმენტირების პრობლემებს, მიზეზებს, რომელთა გამო ვერ ხერხდება იმპერიული პროექტის ფარგლებში დაწერილი ჩვენი ისტორიის სისტემური რევიზია.

დრო: 14 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები