ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორის, მათიო რენოს, საჯარო ლექციები

ღონისძიებები

18 და 21 დეკემბერს, 14:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, პარი 8 ვენსენ სენ-დენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი, მათიო რენო, წაიკითხავს საჯარო ლექციებს.

მათიო რენოს შესახებ
ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორის, მათიო რენოს, აკადემიური ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ ფილოსოფიას, თანამედროვე ფილოსოფიას, კოლონიალურ ისტორიასა და პოსტკოლონიურ კვლევებს. მას გამოქვეყნებული აქვს შემდეგი წიგნები:

  •  „ფრანც ფანონი. ანტიკოლონიალიზმიდან პოსტკოლონიურ კრიტიკამდე“ (Éditions Amsterdam, Paris, 2011)
  •  „ჯონ ლოკის ამერიკა: ევროპული ფილოსოფიის კოლონიური ექსპანსია (Éditions Amsterdam, Paris, 2014).
  •  „ს.ლ.რ. ჯეიმსი: „შავკანიანი პლატონის“ რევოლუციური ცხოვრება“ (La Découverte, 2016).

ლექციათა განრიგი და თემატიკა
18 დეკემბერი, 14:00 საათი
"ჯონ ლოკის ამერიკა: ევროპული ფილოსოფიის კოლონიალური ექსპანსია"

აბსოლუტიზმის თავგამოდებული მოწინააღმდეგე, რელიგიური ტოლერანტობის დამცველი და ლიბერალიზმის დამფუძნებელი მამა ჯონ ლოკი (1632-1704) ევროპული პოლიტიკური აზროვნების ისტორიის კანონიკური ფიგურაა. თავისი ფილოსოფიური ნაღვაწი მან იმ პოლიტიკური ბრძოლების გულში გამოჭედა, რომლებმაც XVII საუკუნის მიწურულის ინგლისი შეარყია და 1688 წლის რევოლუცია მოიტანა. თუმცა, ნაკლებადაა ცნობილი ის, რომ ლოკს, ამავე დროს, ძალიან ნაყოფიერი კოლონიური კარიერა ჰქონდა და ამერიკაში ინგლისური ექსპანსიის სამსახურში იდგა. მისი ფილოსოფია იმ ისტორიის საწყისი მომენტია, რომლის დროსაც ერთმანეთში გადაიხლართა ლიბერალიზმი და კოლონიალიზმი, სახელმწიფო აღმშენებლობა და იმპერიული მოწყობის წესი. მისი ფილოსოფიის მაგალითზე ის მჭიდრო მიმართებაც წარმოჩნდება, რომლითაც ეპისტემოლოგია და პოლიტიკა დაუკავშირდა ერთმანეთს ახალი სამყაროს აღმოჩენის შემდეგ. ამ მოხსენების მიზანი იქნება, აჩვენოს აღმოცენება შემეცნების გეოპოლიტიკისა, რომელსაც ჯერაც არ დაუკარგავს ძალა.

21 დეკემბერი, 14:00 საათი
"მუსლიმური კომუნიზმის იდეა: მირსაიდ სულთან გალიევი (1892-1940)"

ლექციაში მიმოხილული იქნება ძირითადი ნიშნები მუსლიმური კომუნიზმისა, რომელიც 1917-დან 1928 წლამდე განვითარდა, ანუ, მისი ძირითადი შემოქმედისა და თეორეტიკოსის, „თათარი ბოლშევიკის“, მირსაიდ სულთან გალიევის დაპატიმრებამდე. თუმცა ეს გამოცდილება სცილდება აღნიშნულ თარიღს და „მუსლიმური კომუნიზმის“ მოაზრება თუ გადააზრება მხოლოდ ისტორიული ცნობისმოყვარეობის საკითხი არ არის: ის გვეხმარება, პრობლემატიზება მოვახდინოთ თანამედროვე პოსტკოლონიური კრიტიკის თეორიული დილემებისა (ხანდახან კი აპორიებისა) და, ამავე დროს, იმ პოლიტიკური დებატებისა (ხშირ შემთხვევაში კი კონფლიქტებისა), რომლებიც ისლამოფობიის საკითხების ირგვლივ ვითარდება და მღელვარება შეაქვს ანტირასიზმის ველში.

ლექციები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. №1)

ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

ბანერები