ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ე.ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

14 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევრები სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს.

  • მკვლევარი ალექსანდრე თევზაძე წაიკითხავს მოხსენებას კოსმოსური ტურბულენტობა ადრეული სამყაროდან დღემდე“.

კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობის საკითხი წარმოადგენს თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემას. მიჩნეულია, რომ მაგნიტური ველების წარმოშობის ასახსნელად აუცილებელია მცირე „ჩანასახოვანი“ საწყისი ველები და სწორედ ამ ველების გენერაცია წარმოადგენს ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის ერთ-ერთ უპასუხოდ დარჩენილ კითხვასა და გამოცანას. ამჟამად განიხილება ორი სცენარი: ასტროფიზიკური, როდესაც საწყისი მაგნიტური ველების გენერაცია ხორციელდება ასტროფიზიკური მექანიზმებით (როგორიცაა, მაგალითად, ბირმანის ეფექტი), და კოსმოლოგიური, როცა საწყისი მაგნიტური ველები გენერირდება კოსმოლოგიური მექანიზმებით ადრეულ სამყაროში. იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, ამ მექანიზმებიდან რომელია პასუხისმგებელი დაკვირვებული მაგნიტური ველების წარმოშობაზე, აუცილებელია, განხორციელდეს მაგნიტოჰიდრონამიკური არამდგრადობის შესწავლა როგორც ასტროფიზიკურ ობიექტებში, ასევე სამყაროშიც. ადრეულ ეპოქაში სამყარო პრაქტიკულად იდეალური გამტარია (იონიზაციის მაღალი, 100% მაჩვენებლის გამო). პირველადი მაგნიტური ან სიჩქარის ველების წარმოშობას თან სდევს ტურბულენტობის განვითარება. სწორედ ამ ტურბულენტობის გენერაციისა და შემდგომი ევოლუციის შესწავლაა ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის ჯგუფის (ხელმძღვანელი თინათინ კახნიაშვილი) ერთ-ერთი მთავარი მიზანი. გარდა ამისა, ჯგუფის წევრები ახორციელებენ აქტიურ კვლევას, თუ რა დაკვირვებითი გამოვლინებები აქვს პირველად ტურბულენტობას და რა დაკვირვებებით არის შესაძლებელი პირველადი ტურბულენტობის ძირითადი სტატისტიკური პარამეტრების შეზღუდვა.

  • ასოცირებული მკვლევარი ეკა გურგენაშვილი წარდგება მოხსენებით:რიეგერის ტიპის პერიოდულობა მზის აქტიურობაში და მზის შიდა ფენების სეისმოლოლოგია“.

მრავალსაუკუნოვანი დაკვირვებების მიუხედავად მზის მაგნიტური ცვალებადობა ისევ რჩება მზის ფიზიკის ერთ-ერთ გადაუჭრელ ამოცანად. აქტიურობის ძირითადი პერიოდი დაახლოებით 11 წელია, რაც,სავარაუდოდ, დაკავშირებულია მზის შიდაფენებში მაგნიტური დინამოს მოქმედებასთან. გარდა 11-წლიანი ციკლისა, მზეს ახასიათებსშედარებით უფრო მოკლე, 155-200-დღიანი პერიოდი, რომელსაც რიეგერის პერიოდს უწოდებენ. აღმოჩნდა, რომ დაკვირვებული პერიოდულობა შესაბამისობაშია მზის ციკლისსიმძლავრესთან: გრძელი პერიოდები ჩნდება სუსტ ციკლებში და, პირიქით, მოკლე პერიოდები – მძლავრ ციკლებში.დაკვირვებული ანტიკორელაცია ვრცელდება მზის ნახევარსფეროებზეც, რადგან მზის მაგნიტური აქტივობა ნახევარსფერული ასიმეტრიულობით ხასიათდება. სავარაუდოდ,ეს პერიოდი დაკავშირებულია მაგნიტურ როსბის ტალღებთან და მზის შიდა ფენების მაგნიტური ველის სიდიდის შეფასების საშუალებას იძლევა. მიღებული შედეგი წარმოადგენს თანამედროვე მზის ფიზიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას მზის მაგნიტური აქტიურობის შესწავლაში.

დრო: 14 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები