ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

ობსერვატორიის შესახებ

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა 1932 წელს, როგორც პირველი მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორია იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ობსერვატორია მდებარეობს მთა ყანობილზე, დაახლოებით 240 კმ-ის დაშორებით თბილისიდან, ჩრდილო-დასავლეთით 30 კმ-ში ქ. ახალციხიდან, ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე.

მთა ყანობილი ასტრონომიული დაკვირვებებისთვის უნიკალური პირობებით ხასიათდება. ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში ცნობილი რუსი ასტრონომი ს. გლაზენაპი, რუსეთის მეფის ძმის თანმხლები პირი და მეგობარი, ორი სეზონის განმავლობაში ამიერკავკასიის ცნობილ კურორტზე - აბასთუმანში იმყოფებოდა. პროფესორმა გლაზენაპმა მცირე ლინზური ტელესკოპით გაზომა მჭიდრო ორმაგი ვარსკვლავების მდებარეობები კოშკში, რომელსაც „გლაზენაპის კოშკს” უწოდებენ და რომელიც ამჟამად აბასთუმნის ობსერვატორიიდან მოშორებით მდებარეობს.

პროფესორი გლაზენაპის გაზომვებმა შესანიშნავი სამეცნიერო შედეგები მიიღო: წყნარი ატმოსფერული პირობებისა და მაღალკვალიფიციური დაკვირვებების წყალობით, მან გაზომა მჭიდრო ორმაგი ვარსკვლავები, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში თითქმის არ გაირჩევიან.

გლაზენაპის დაკვირვებებმა ასტრონომების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ცნობილი ამერიკელი ასტრონომი ს. ბერნჰამი 1893 წელს წერდა: „მის მიერ ჩატარებული დაკვირვებები, არა მარტო გაწეული სამუშაოს მოცულობის გამო, არამედ მცირე ზომის ეკვატორიალის გამოყენებით, საბოლოოდ უჩვენებს, რომ ტიფლისის (ე.ი. აბასთუმნის) შემოგარენი მიზანშეწონილია ასტრონომიული სამუშაოებისთვის. თუ თქვენ იმსჯელებთ შედეგების მიხედვით და, ეს, ცხადია, საუკეთესო გზაა, არსად ევროპაში არ არსებობს ასეთი მიზანშეწონილი ადგილმდებარეობა, თუ არ ჩავთვლით ჰამილტონის მთას, სადაც პირობები ასეთივე მიზანშეწონილია…”
შემდგომ რუსმა მეცნიერებმა არაერთხელ შესთავაზეს ჩვენს ქვეყანას აბასთუმნის მახლობლად დიდი ასტრონომიული ობსერვატორიის აშენება, მაგრამ მხოლოდ 1930-1931 წლებში ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის, თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიისა და სხვა დაწესებულებების სპეციალური ექსპედიციის მიერ ახალი ობსერვატორიისთვის შეირჩა შესაფერისი ადგილი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. აბასთუმნის შემოგარენმა ყურადღება მიიპყრო უჩვეულოდ კარგი დასაკვირვებელი პირობებისა და წყნარი ატმოსფერული პირობების გამო. თუმცა გლაზენაპის კოშკის ადგილი ვერ უზრუნველყოფდა ობსერვატორიის მოთხოვნებს. საჭირო იყო ახლომახლო სხვა, უფრო ფართო ადგილის შერჩევა, მაგრამ ისეთივე პირობებით. სწორედ მაშინ „აღმოაჩინეს” მთა ყანობილი. უფრო განფენილი ადგილი, სადაც ასტრონომიული კლიმატი უკეთესიც კი იყო, ვიდრე გლაზენაპის კოშკის ადგილას.

აიგო პირველი შენობები, დაიდგა ტელესკოპები. 1937 წლის შემოდგომაზე ჩატარდა პირველი დაკვირვებები, რომლებიც შემდგომ, ობსერვატორიის მშენებლობის და ახალი ტექნიკა-იარაღების დადგმის შედეგად, გაფართოვდა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი წერეთლის 3
 (+995 32) 2233875
 +9955 77237783
 observatory@iliauni.edu.ge

ბანერები