ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ზოოლოგიის ინსტიტუტის კონფერენცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის  ინსტიტუტის  პროექტის ”აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ხერხემლიან ცხოველთა ბიომრავალფეროვნების თანამედროვე მდგომარეობის”დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მოხსენებები წარმოადგინეს ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა.  ალექსანდრე ბუხნიკაშვილმა  მიმოიხილა კვლევა მთლიანად, დავით ბეკოშვილის კვლევა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებულ რეპტილიებს შეეხებოდა, ხოლო გია ედიშერაშვილისა კი - ფრინველებს.წარმოდგენილ მოხსენებებში ყურადღება მიექცა როგორც პროექტის გამოყენებით, ასევე მის სამეცნიერო მნიშვნელობას.საერთო  შემაჯამებელი მიმოხილვისას ალექსანდრე ბუხნიკაშვილის თქმით, არსებული ლიტერატურის მიხედვით ბორბალოს მასივიდან ცნობილია 50 სახეობის ძუძუმწოვარი ,134 სახეობის ფრინველი,14
სახეობის ქვეწარმავალი და 7 სახეობის ამფიბია, ხოლო აღნიშნული კვლევის შედეგად  დაფიქსირდა 59 სახეობის ძუძუმწოვარი 125 სახეობის ფრინველი (აქედან 32 ახალი რეგიონისათვის), 13 სახეობის ქვეწარმავალი (აქედან ერთი, სავარაუდოდ, ახალი რეგიონისათვის) და  4 სახეობის ამფიბია (ამათგან ერთი ახალი რეგიონისათვის).მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობა აღნიშნულ ტერიტორიებზე მკვიდრ არსებათა შემცირება. ესენია: ტერიტორიების მასობრივად საძოვრად გამოყენება, ბრაკონიერობა და არაორგანიზებული ტურიზმი. წარმოდგენილ იქნა ასევე პრობლემების გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები. კვლევითი ჯგუფის მიერ განისაზღვრა გარკვეული ტერიტორიები, რომელთაც უნდა მიიღონ დაცული ტერიტორიების სტატუსი, ასევე პრობლემის გადაჭრის გზად მიიჩნევა ხევის ტერიტორიაზე ნაკრძალის ტერიტორიის გაფართოება. მკვლევართა აზრით, ეს  ყველაფერი ხელს შეუწყობს წარმოქმნილ პრობლემათა გადაწყვეტას და ქართული ფაუნის შენარჩუნებას. აღსანიშვნავია ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი კვლევების შედეგები შეიძლება სამეცნიერო დონეზე  გამოყენებულ იქნას ცხოველთა ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და მისი დაცვის საქმეში.

ბანერები