


ზღვის მნიშვნელოვანი ფილტრების კვლევა და აღდგენა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შავი ზღვის პროგრამის ფარგლებში - JOP Black sea basin 2007-2013 (EU-ENPI) გამარჯვებული პროექტის "ზღვის მნიშვნელოვანი ფილტრების კვლევა და აღდგენა (REEFS)” პარტნიორია. პროექტში მონაწილებას იღებენ უნივერსიტეტის ზოოლოგიის და ეკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები და დოქტორანტები. საქართველოს გარდა პროექტის მონაწილე ქვეყნებია: რუმინეთი, უკრაინა, თურქეთი და ბულგარეთი. პროექტის ბენეფიციარია ბულგარეთი - ბულგარეთის ბიომრავალფეროვნების ცენტრი.
პროექტის ძირითადი მიზნებია:
- საინფორმაციო ბაზისა და ერთიანი ცოდნის გაძლიერება ხელოვნური რიფების შესახებ, რომელიც მიმართული იქნება ორგანული დაბინძურების გამოვლენაზე შავი ზღვის ეკოსისტემაზე
- ერთობლივი ახალი სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების დასახვა სამომავლოდ საზღვაო რესურსების აღდგენისათვის
- შავი ზღვის ეკოსისტემის თვითაღდგენის მიზნით ხანგრძლივი თანამშრომლობის დამყარება სამეცნიერო, ტექნიკურ, ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ დონეზე.
პროექტის აქტივობების ფარგლებში დაგეგმილია ყველა მონაწილე ქვეყნის სანაპიროზე ხელოვნური რიფების განთავსება, რომელიც დამზადდება ბულგარეთში და შემდგომ დასამონტაჟებლად ჩატანილ იქნება მონაწილე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
ხელოვნური რიფები არის წყლის ეკოსისტემისთვის უვნებელი მასალისაგან დამზადებული სუბსტრატი, რომელიც თავსდება ზღვის დეგრადირებულ ან ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ღარიბ წერტილებში. იგი წარმოადგენს ბაზას ახალი მყარი ბენთოსური თანასაზოგადოებების გასავითარებლად, რაც თავისთავად ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების / ბიომასის ზრდას და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას (წყლის ფილტრაციის გზით). შავი ზღვის გარემოსა და სახეობების გათვალისწინებით შავ ზღვაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კოოროზიამედეგი და რეზინის შემცველობის არმქონე მასალა.
პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ინერტულ მასალაზე (პოლიეთილენის მილები) დამზადებული კონსტრუქციების განთავსება შავი ზღვის ქვეყნების სანაპიროებზე (რუსეთის გარდა) და მათი რეგულარული მონიტორინგი. საქართველოს ნაწილში იგეგმება 4 ხელოვნური რიფის განთავსება სანაპირო ზოლში.
იხილეთ პროექტის ლინკი: http://reefsproject.net/