


ზაზა ბურჭულაძე ილიაუნიში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული პრემიის ლაურეატმა ზაზა ბურჭულაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „ორნი ქალაქში“. მწერალმა ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, კერძოდ, გამარჯვებულ რომანზე ”გასაბერი ანგელოზი”და იმ გარემოებებსა და ფაქტორებზე, რამაც განაპირობა ამ რომანის დაწერა. მწერალი შეეხო სამომავლო გეგმებს და მადლობა გადაუხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დაფასებისათვის. ზაზა ბურჭულაძე საქართველოში ყველაზე დიდ ლიტერატურულ პრემიას -10 000 ლარს მიიღებს.
ლიტერატურული პრემიის - ”წლის საუკეთესო ქართული რომანის” 2011 წლის გამარჯვებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” 30 დეკემბერს დასახელდა. ჟიურის წევრებმა კონკურსის გამარჯვებულად ზაზა ბურჭულაძის რომანი ”გასაბერი ანგელოზი” დაასახელეს. საუკეთესო სამეულში შევიდა ზურაბ ქარუმიძის ” მელია-ტულეფია” და ანა კორძაია-სამადაშვილის ”შუშანიკის შვილები”.
ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია, წლის საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. ჟიურის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ ნაწარმოებს საერთო შკალის მიხედვით. კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღება არ არის გათვალისწინებული. იმარჯვებს ის რომანი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს. ჟიურის შემადგენლობა კონკურსის მიმდინარეობისას კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.