


ხათუნა კალმახელიძე ილიაუნიში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრს მასპინძლობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო რატიანი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი თუმანიშვილი.
ხათუნა კალმახელიძემ საუბრისას სტუდენტებს გააცნო 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ დანერგილი ინოვაციები, განსახორციელებელი სიახლეები, მიმდინარე პროექტები და გეგმები.
10-პუნქტიანი გეგმა მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, უმუშევრობის შემცირებას და ეკონომიკურ განვითარებას, თავის მხრივ, სამინისტროს მიერ მსჯავრდებულთა პროფესიულ განათლებას, მათი გათავისუფლების შემდეგ დასაქმებასა და შრომის ბაზარზე მორგებას.
სწორედ ამ მიზნის მისაღწევად თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებაში ამოქმედებულ საგანმანათლებლო სახლებზე ისაუბრა მინისტრმა, სადაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა ხდება, ასევე შეეხო სამინისტროს აქტიურ მუშაობას პრობაციონერთა რეაბილიტაციისათვის და დასაქმების ღონისძიებებს.
10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში სამინიტროს მიერ ხელი შეეწყობა მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული დახმარების სერვისების გაუმჯობესებას, უახლეს პერიოდში პენიტენციური ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდას.
საუბრის ბოლოს მინისტრმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს, ასევე მათ საშუალება ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ ქალბატონ ხათუნას მათთვის საინტერესო თემებზე.