


წიგნის პრეზენტაცია
ახალი ამბები
ბრუნო ლატურის წიგნის - „არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები“ - თარგმანი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, ქართულად ითარგმნა ბრუნო ლატურის წიგნი „არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები“, რომელიც ამავე ინსტიტუტის სერიის - „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის“ - პირველი წიგნია. ტექსტი ფრანგულიდან თარგმნა ელენე ლადარიამ და ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ თამარ ცოფურაშვილთან, ერთად წარადგინა ფართო აუდიტორიის წინაშე. წიგნის პრეზენტაცია შედგა 2014 წლის 15 ივლისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“. პრეზენტაციაზე ისაუბრეს როგორც ავტორის, ბრუნო ლატურის, შესახებ, ასევე წიგნში მოცემულ ძირითად კონცეფციებზე, რაც გულისხმობს მოდერნულობისთვის დამახასიათებელ დუალიზმის კრიტიკას და თეორიას, რომლის თამახმადაც მეცნიერების, დაავადებების, ბიოტექნოლოგიების თუ პოლიტიკური მოვლენების განცალკევებულად განხილვა შეუძლებელია.
იულია კრისტევას წიგნის - ”ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია” - თარგმანი
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ, „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის“ სერიის ფარგლებში, გამოიცა ქართული თარგმანი იულია კრისტევას წიგნისა ”ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია”. წიგნი, რომელიც წარმოადგენს პროფესორ კრისტევას მიერ ტორონტოს უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კრებულს, 2014 წლის 16 ივლისს აკადემიური სივრცის წარმომადგენლებისა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინეს მთარგმნელმა, თამარ ონოფრიენკომ, რედაქტორმა, ლუკა ნახუცრიშვილმა და ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამარ ცოფურაშვილმა. წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მათ ვრცლად ისაუბრეს იულია კრისტევასა და ჰანა არენდტის, როგორც ქალი ფილოსოფოსების, როლზე და ქართული თარგმანის უდიდეს მნიშვნელობაზე, რამდენადაც მასში განხილული და დაზუსტებულია თვითის, სხეულის, პოლიტიკური სივრცის, სიცოცხლის და სხვა ძირითადი კონცეპტების არენდტისეული გაგება.
გალერეა