


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და „სიდასა“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები ითანამშრომლებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამის რეალიზებისა და განვითარების საკითხებში.
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიდერი სოციალური მუშაკები, რომლებიც მნიშვნელოვან სასიკეთო ცვლილებებს შეიტანენ სოციალური სფეროს განვითარებაში, ხელს შეუწყობენ ეფექტური სოციალური სერვისების განვითარებას დაუცველი მოსახლეობისათვის, ასევე უზრუნველყოფენ სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის განვითარებას ადვოკატირებითა და სოციალურ–პოლიტიკური აქტივობებით.
თანამშრომლობის ფარგლებში „სიდა“ უზრუნველყოფს ილიაუნის სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკულ სწავლებასა და მომზადებას. დაიგეგმება და განხორციელდება სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები. გამოიყოფა პრაქტიკული სწავლების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები, სტუდენტებთან ერთად მოხდება პრაქტიკის საგანმანათლებლო გეგმაზე შეთანხმება, მათი შეფასების ფორმის განხილვა. შედეგად კი სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ “სიდას“ მუშაობას თემთან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან, ისევე როგორც სოციალური მუშაობის მიკრო, მეზზო და მაკრო ინტერვენციათა ტიპებს, რომლებსაც ორგანიზაცია თავისი პროექტების ფარგლებში ახორციელებს.
„სიდა“ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.