ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

უნიკალური ფოტოგამოფენა “ლიგამუსში”

4 ნოემბერს ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის, ჟან რაულის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

ფოტოები, რომლებიც ”ლიგამუსში” ერთი თვის განმავლობაში გამოიფინება, წარმოადგენს ირანში, ”გოლესთანის” სამეფო სასახლის მუზეუმში დაცული ნამუშევრების ასლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი 28 სურათი ჟან რაულის მიერ საქართველოშია გადაღებული. ამ ფოტოებს არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული. ალბომს მიაკვლია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ ნახუცრიშვილმა, რომელიც შემდგომ დაუკავშირდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს. ირანულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მოხერხდა აღნიშნული ფოტოების უმაღლესი ხარისხით დამზადებული ასლების მოპოვება.

აღნიშნული ფოტოების გამოფენა უკვე გაიმართა ირანში საქართველოს საელჩოსა და ”გოლესთანის” სასახლის მუზეუმის შეთანხმების საფუძველზე. ფოტოალბომმა საქართველოს შესახებ ფრანგული მხარის დაინტერესება გამოიწვია და იგეგმება გამოფენის საფრანგეთში მოწყობაც.

ბანერები