


უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
ახალი ამბები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2019-2020 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა.
ამ სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 45 000 ლარს შეადგენს.
სასწავლო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 ლარისა.
დაფინანსების მიღების უფლების მქონე მაგისტრანტები:
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს, თუ იგი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში.
დაფინანსების პრინციპი:
დაფინანსება განხორციელდება დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესით“ გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავენ „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით“ დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება გათვალისწინებული თანხის (2 250 ლარი) ოდენობას, დაფინანსება გაიცემა მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.
თუ ამ მაგისტრანტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.
თუ გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა აღნიშნულ მაგისტრანტებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ მაგისტრანტებს, რომლებიც 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2018-2019 სასწავლო წელს და რომლებიც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არ არიან შეყვანილი 2018 წლის მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში.
თუ თანხა სრულად არ გაიცა მაგისტრანტებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ იმ მაგისტრანტებს, რომლებიც განეკუთვნებიან „2019-20 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის კატეგორიას და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება. გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ არსებული დადგენილების შესაბამისად.
განცხადების წარდგენა და საჭირო დოკუმენტები:
მაგისტრანტებმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2019 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით, სადაც სურს განმცხადებელს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება;
ბ) ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
იხ. ბრძანება
2019 წელი