


უანგარო დონაციის დღე ილიაუნიში
ახალი ამბები
8 ნოემბერს, 11:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, ილიაუნის A და E კორპუსებში გაიმართება უანგარო დონაციის დღე.
აქციის ფარგლებში, ამ სფეროში წამყვანი კომპანიების, „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურისა“ (სისხლის ბანკი) და „ნაციონალური სისხლის ბანკის“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატოთ თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.
აქციაში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს, თუკი:
- მისი წონა 50 კგ და მეტია;
- არ აქვს გადატანილი ვირუსული B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი;
- არ არის დაავადებული მალარიით;
- არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი;
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ აქვს გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
- არ გაუკეთებია ტატუ;
- არ ჰქონია სხვის სისხლთან კონტაქტი;
- ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ ჰქონია ორსულობა (ქალებს);
- დონაციის დღეს არ აღენიშნება სიცხე, სურდო და სხვა გრიპოზული მოვლენები.
კომპანიათა შესახებ
„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” (სისხლის ბანკი) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება. „სისხლის ბანკი“ აქტიურად მუშაობს უანგარო დონორების მოზიდვის მიმართულებით: უზრუნველყოფს დონაციის ჩატარებას, სისხლისა და სისხლის კომპონენტების დამზადებას, შენახვასა და სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფას 24-საათიან რეჟიმში.
„ნაციონალური სისხლის ბანკი“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს და თბილისისა და საქართველოს საავადმყოფოების უმეტეს ნაწილს ამარაგებს, აქედან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავს პროდუქციის მარაგის შევსებაზე. კომპანია, რომელიც თბილისისა და მისი შემოგარენის საავადმყოფოებს ყოველდღიურად შეუფერხებლად აწვდის სისხლის პრეპარატებს, დიდი ნდობით სარგებლობს ამ სფეროში.
აქციის შესახებ
უანგარო დონაცია, ერთი მხრივ, საშუალებას იძლევა, გაიზარდოს სისხლის პრეპარატების მარაგის რაოდენობა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს მოსახლეობის ფართო სკრინინგს შემდეგ ინფექციებზე: HCV (C ჰეპატიტი), HIV (შიდსი), HBsAg (B ჰეპატიტი), RPR (სიფილისი); ასევე, მათი ჰემოგლობინის, სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენას უსასყიდლოდ.
წესები დონორობის მსურველებისთვის:
სისხლის ჩაბარების დღეს, უმჯობესია, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და მიიღოთ თბილი ჩაი. თავი შეიკავეთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებისაგან. მნიშვნელოვანია, რომ თან იქონიოთ პირადობის მოწმობა და დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა კითხვას გულახდილად გასცეთ პასუხი.
სისხლის დონორობა უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის!
დრო: 8 ნოემბერი, 11:00-16:00 საათი
ადგილმდებარეობა:
სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის (სისხლის ბანკი) აქცია: „გმადლობ, რომ სიცოცხლე გადამირჩინე!“ - E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)
ნაციონალური სისხლის ბანკის (National Blood Bank) აქცია: „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად!“ - A კორპუსის ფოიე მეორე სართულზე (ჭავჭავაძის გამზ. #32)
მონაწილეობა ნებაყოფლობითია.