


უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ბაზარი
ამა წლის 20 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული კვლევის – ,,უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ბაზარი – თბილისი’’ – შედეგების პრეზენტაცია.
კვლევის მიზანია, გამოავლინოს თბილისში პოპულარული უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელ რომელ ბრენდს ანიჭებს უპირატესობას მომხმარებელი სეზონის პიკზე. კვლევა ჩატარდა პირველიდან ათ ივნისამდე სუპერმარკეტ ,,პოპულის’’ 15 სავაჭრო ობიექტში, თბილისის 11 რაიონში.
თითოეულ სავაჭრო წერტილში დაფიქსირდა, თუ რომელი ბრენდის პროდუქცია ჰქონდა შეძენილი 65–75 ადამიანს.
კვლევა არ ითვალისწინებს გაყიდვების რაოდენობას და დაფიქსირებულია მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი.
კვლევაში ჩართული იყო „პოპულის“ ქსელში არსებული 14 ბრენდი – კოკა კოლა, ფანტა, სპრაიტი, პეპსი, მირინდა, 7 აპი, ლიპტონი, ნატახტარი, ზანდუკელი, ზედაზენი, შხეფი, იბერია, ლაღიძე, ყაზბეგი.
შედეგები დაჯგუფებულია ბრენდების პოპულარობის და სქესობრივი სტრუქტურის მიხედვით. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თბილისში ყველაზე პოპულარული უალკოჰოლო სასმელები არის ”კოკა კოლა”, ”ფანტა” და ”პეპსი”. მთლიანობაში ”კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას ” ბრენდების - „კოკა კოლას“ , „ფანტასა“ და „სპრაიტის“ სასარგებლოდ არჩევანი გააკეთა მომხმარებელთა 47.7 %-მა.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.