


TRUTHTECHTHON: ფინალური ღონისძიება და სამი გამარჯვებული გუნდი
ახალი ამბები
4 დეკემბერს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) DW Akademie Europe and Central Asia-სა (DWA) და UniLab • უნილაბი-თან ერთად მედია და ინფორმაციული წიგნიერების ჰაკათონი TruthTechThon-ის ფინალს უმასპინძლა.
ჰაკათონზე, რომელიც 1 დეკემბერს ილიაუნის უნილაბში ჰიბრიდულად დაიწყო, მენტორებთან ორდღიანი მუშაობის შედეგად 30 გუნდიდან ფინალში გადასული 13 გუნდი გამოვლინდა.
ფინალისტი გუნდები, რომლებიც მთელი საქართველოდან შეარჩიეს, თბილისს, ახალქალაქს, ქუთაისსა და ქარელს წარმოადგენდნენ: Alt+F4, Base2, CodeCommanders, EasyVerify, eFact, MIB, ნაცარქექია, Open Evidence, Overloaded, Portall, Virtual Story, რიჩექი - ReCheck, წრე.
4 დეკემბერს ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული გუნდი: EasyVerify, „ნაცარქექია” და Open Evidence. ისინი ჰაკათონის საპრიზო ფონდიდან პროექტების განსახორციელებლად სულ 12 000 ევროს ოდენობის პრემიას მიიღებენ.
ჰაკათონის მიზანია ისეთი ელექტრონული რესურსების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. წელს #truthtechthon-ში მონაწილეობის სურვილი ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა.
ღონისძიება გაიმართა პროექტის „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo)” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდსა და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. გამარჯვებული გუნდების პროექტების შინაარსი ავტორთა პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირისა და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.
2023
გალერეა