ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„ტოლერანტობის პრიზი 2015"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ახალი ამბები

22 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი", მედიის განვითარების ფონდის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ასოციაციის ერთობლივი მედიაკონკურსის - „ტოლერანტობის პრიზი 2015" - დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
„ტოლერანტობის პრიზი“ მედიის განვითარების ფონდმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და გაეროს ასოციაციამ 2014 წელს დააწესეს და ყოველწლიურად გადაეცემა ჟურნალისტებს და ბლოგერებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და ეთიკურად აშუქებენ მრავალფეროვნების საკითხებს.
ღონისძიება შედგა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
2015 წლის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 42 მონაწილის 79 ნაშრომი - სტატიები, რეპორტაჟები, რადიოგადაცემები, ბლოგები, სიუჟეტები მრავალფეროვნებისა და გენდერის თემაზე.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

ტოლერანტობის პრიზი რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის
ზურაბ ვარდიაშვილი, გიორგი ჭეიშვილი, ჟურნალი „ლიბერალი“

ტოლერანტობის პრიზი ეთნიკური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის
ეკა ქევანიშვილი, „რადიო თავისუფლება"

ტოლერანტობის პრიზი გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებისთვის
ვიკა ბუკია, საზოგადოებრივი მაუწყებელი

ტოლერანტობის პრიზი ლგბტ პირების თემების გაშუქებისთვის
მამუკა მგალობლიშვილი, ჟურნალი „ლიბერალი“

ტოლერანტობის პრიზი ბლოგისთვის მრავალფეროვნების საკითხებზე
თამარ კურატიშვილი, „ნიუსპრესი“

ტოლერანტობის პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედიაპროდუქციისთვის
გიორგი გვიშიანი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ტოლერანტობის პრიზი რეგიონული მედიისთვის
ანა მოსიაშვილი, „რადიო ჰერეთი“

ტოლერანტობის სპეციალური პრიზი
ნასტასია არაბული, ჟურნალი „მასწავლებელი"

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ:

  • ელენა ბედველი (ბლუმბერგის კორესპონდენტი კავკასიაში);
  • თამარ გურჩიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • ბექა მინდიშვილი (სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი);
  • ნინო რობაქიძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო);
  • რუსუდან გოცირიძე (ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია);
  • რუსუდან ჭანტურია (საქართველოს გაეროს ასოციაცია);
  • ქეთევან მსხილაძე (მედიის განვითარების ფონდი).

დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, შედგა მედიის განვითარების ფონდის ახალი ინტერნეტპორტალის - www.notophobia.ge - პრეზენტაციაც.

ბანერები