ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თეატრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

30 სექტემბერს რეჟისორ ოთარ ეგაძის მიერ დადგმული სპექტაკლით - ა. ცაგარელის ”ჭკუისა მჭირს” (ვოდევილი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი გაიხსნა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები დავით გოცირიძე, ვასილ ოდიშვილი, მაკა ძაგანია და სხვები.

სპექტაკლის დაწყებამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თეატრის გახსნა იმპროვიზირებული დადგმით მიულოცეს მაყურებელს. რეჟისორ ოთარ ეგაძის განცხადებით, ილიაუნის თეატრი არაერთ ახალ და საინტერესო სპექტაკლს წარმოადგენს.

პირველად ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა საუნივერსიტეტო თეატრი, რომელიც ღია იქნება ახალგაზრდული სათეატრო ინიციატივების განსახორციელებლად.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა რეჟისორები თავიანთ სამსახიობო დასთან ერთად. გარდა სპექტაკლებისა, თეატრში ჩატარდება მასტერკლასები, რომლებიც მიეძღვნება თეატრალურ ხელოვნებას, ასევე გაიმართება დისკუსიები ცნობილ ადამიანებთან და ხელოვნების კრიტიკოსებთან ერთად.

უნდა აღინიშნოს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრს უკვე ჰყავს პოტენციური ექვსი ათასი მაყურებელი სტუდენტი და ეს უკვე წარმატებაა.

ბანერები