ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თეატრალური ფესტივალი ილიაუნიში

15 და 16 ნოემბერს ილიაუნის თეატრში ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ მიერ ორგანიზებული თეატრალური ფესტივალი.

პროგრამაში ჩართულია ის საჯარო სკოლები, რომელთა თემში მდებარეობს ბავშვთა სახლები და სპეციალიზირებული პროფილის საჯარო სკოლები.

პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების დამეგობრებას, ისე დამეგობრებული მოზარდების ჩაბმას საზოგადოებრივ საქმიანობაში.
 
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ხუთი სპექტაკლი.
 
15 ნოემბერს მაყურებელს საშუალება ჰქონდათ ენახათ ოსკარ უაილდის ,,ვარსკვლავბიჭუნა“ რომელიც დაიდგა ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლისა და მიმდებარე თემში (ჭოეთში) მცხოვრები ბოშა მოზარდების თანამშრომლობით, ჯეკ ლონდონის ,, გზების გასაყართან“ შაუმიანში მცხოვრები სომეხი და თემში ჩასახლებული ლიახვის ხეობიდან დევნილი მოზარდების თანამშრომლობით დადგმული და გოდერძი ჩოხელის ,,ცასწავალა“  ბავშვთა დღის ცენტრის ,,აისი“,  თბილისის N55 საჯარო სკოლის მოზარდებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი ნამუშევარი.

16 ნოემბერს წარმოდგენილი იყო გიორგი ერისთავის ,,ძუნწი“ კოჯრის ბავშვთა სახლისა და კოჯრის საჯარო სკოლის მოზარდების თანამშრომლობით დადგმული და იაკობ გოგებაშვილის ,,კეთილი ქვრივი“ წყნეთის ბავშვთა სახლისა და N137 საჯარო სკოლის მოზარდების ერთობლივი ნამუშევარი.
 
26 ნოემბერს, 11:00 დან 18:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იგეგმება შემაჯამებელი კონფერენციის ჩატარება, სადაც მოხდება ფესტივალში პირველ სამ ადგილზე გასული სპექტაკლების დაჯილდოება ფულადი პრიზებით და წამახალისებელი საჩუქრებით. კონფერენციის პარალელურად ჩატარდება კონკურსი: ,,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო აბა დღეს მე ვის რა ვარგე“. სტენდების წინ პრეზენტაციებს გააკეთებენ პროგრამაში ჩართული სტუდენტები, 41 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, სასკოლო კოორდინატორები, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მცხოვრები რეპატრირებული მოზარდები, ქ. დედოფლისწყაროში, ქ. რუსთავსა და ქ. ქუთაისში მცხოვრები ბოშები. მოზარდები ისაუბრებენ თემის საკეთილდღეოდ დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას.

ბანერები