


თბილისის მინერალური წყლების ბაზარი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული მომდევნო კვლევის – ,,თბილისის მინერალური წყლების ბაზარი – მომხმარებლის არჩევანი’’ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული კვლევის მიზანია, გამოავლინოს, რომელ ბრენდს ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას და რომელია თბილისში პოპულარული მინერალური წყალი. კვლევა ჩატარდა 10-20 მარტის პერიოდში და თბილისის 11 რაიონში შესწავლილ იქნა ,,პოპულის’’ ქსელის 15 სავაჭრო ობიექტი. თითოეულ სავაჭრო წერტილში დაფიქსირებულ იქნა 65–75 ადამიანის არჩევანი, კერძოდ, რომელი ბრენდის პროდუქცია ჰქონდა შეძენილი.
სულ თბილისის მასშტაბით შესწავლილ იქნა 1054 ადამიანის არჩევანი. შედეგები დალაგებულია ბრენდების, თბილისის რაიონების, სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
კვლევაში ჩართული იყო ხუთი ადგილობრივი ბრენდი – ნაბეღლავი, ლიკანი, ბორჯომი, საირმე და ფლატე. ასევე ერთ–ერთი პუნქტი იყო უცხოური წარმოების მინერალური წყალი. კვლევის შედეგების მიხედვით ”პოპულის” ქსელში პოპულარული მინერალური წყალი არის ”ნაბეღლავი”, შემდეგ მოდის ”ლიკანი” და ”ბორჯომი”. ”ფლატეს” და ”საირმეს” უმნიშვნელო წილი უჭირავს.
თბილისის 11 რაიონიდან 8-ში ნაბეღლავი ლიდერობს, სამ რაიონში ლიკანი. ბორჯომი ყველა შემთხვევაში მესამე პოზიციაზეა, ფლატეს მოიხმარენ მხოლოდ დიდუბეში, საირმეს კი - საბურთალოზე და ორთაჭალაში.
მინერალურ წყალს ხშირ შემთხვევაში ყიდულობენ მამაკაცები, ვიდრე ქალები, ქალების სიმპათიას უფრო მეტად ”ლიკანი” იმსახურებს.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.